საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის ხელმძღვანელობით სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია სკოლებში დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020-21 სასწავლო წლისთვის უკვე განისაზღვრა სკოლების ვალდებულებები სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გაუმჯობესება, რომელიც ჯანდაცვის სექტორისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით უნდა დაიხვეწოს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები.
შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე, სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებასა და კვების სტანდარტის გაუმჯობესებას. მხარეებმა ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმები დასახეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა დარგის ექსპერტებს აერთიანებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC), სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, გაეროს ბავშვთა ფონდიდან (UNICEF Georgia), საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისიდან.
იხილეთ ასევე: ახალი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სკოლებს 15 სექტემბრიდან მოუწევთ