საკლასო ოთახებში კვება და შესვენება სადილისთვის - მიეცემათ თუ არა სკოლის ბუფეტებს ფუნქციონირების უფლება?
23-08-2020

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციები წარუდგინეს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი კვების ობიექტების მიმართ წარდგენილი ვალდებულებებია. ბუფეტებს/სასადილოებს არ მიეცემათ მუშაობის საშუალება, თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს არ დააკმაყოფილებენ. გარდა ამისა, მასწავლებლებმა სასწავლო ოთახებში კვებისთვის განკუთვნილი შესვენება უნდა მოაწყონ.

საკვები ობიექტებისადმი მოთხოვნა ასეთია:

სკოლის ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება შესაძლებელია, თუ ის აკმაყოფილებს „სამუშაო
ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID- 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით
რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების
№17 დანართის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)
დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის“ მოთხოვნებს;

დაუშვებელია ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა;

აუცილებელია, რომ ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანი გამართულად მუშაობდეს.

ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში უნდა ფუნქციონირებდეს გამართული ხელსაბანები.

სავალდებულო მოთხოვნაა საკვების მიღების წინ ხელების წყლით და საპნით დაბანა (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული); 

საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია
საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში.

რამდენად მოახერხებს სკოლის ადმინისტრაცია სასადილოებთან მოსწავლეთა რიგში დისტანციის დაცვას? ასეთ პირობებში რამდენი მოსწავლე შეძლებს მაქსიმუმ 10-წუთიან დასვენებაზე საკვების შეძენას ან ვინ გააკონტროლებს მათ, რომ კვების წინ ხელი საპნით და წყლით დაიბანონ? კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ მოსწავლეებს საკვების მიღება საკუთარ მერხებთან მოუწევთ, რაც ერთგვარ უხერხულობას შექმნის - მოსწავლეთა განსხვავებული რაციონის გამო.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე სკოლები და როგორ გაუმკლავდებიან აღნიშნულ გამოწვევას, ამას ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203