რა შემთხვევაში იქნება სკოლების გახსნა საფრთხის შემცველი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
18-08-2020
სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე სხვა ქვეყნების მაგალითზეც ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში დადგეს სკოლებში სწავლის გადადება.

„ჩვენამდეც სკოლების დახურვის და გახსნის გამოცდილება ბევრმა ქვეყანამ გაიარა. ზოგადად კორონავირუსმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროცესებზე. იუნესკოს მონაცემებით, დაახლოებით, მოსწავლეების 60%, ყველა ქვეყანაში მოხვდა გარკვეული შეფერხებების რეჟიმში, რაც გამოიწვია COVID-19-თან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა.

სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა დროს და განსხვავებული პირობით დაიწყო სკოლების გახსნა და მთავარი პირობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხო ეპიდემიური სიტუაცია. უსაფრთხოების კრიტერიუმი და საზომი ასევე სხვადასხვაა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ბევრი ქვეყანა მიმართავს გამოვლენის მაჩვენებელს, თუ COVID19-ის რამდენი დადებითი შემთხვევა ვლინდება ტესტირების შედეგად. 5% ეს არის მისაღები მაჩვენებელი. თუ 100 ადამიანიდან 5-ს აქვს კორონავირუსი ქვეყანაში, ტესტირების შედეგად, ეს ნიშნავს რომ რისკები მაღალია. ჩვენ შემთხვევაში, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 1%-ზე დაბლაა, რაც ქმნის კეთილსაიმედო ეპიდემიურ სიტუაციას. ამრიგად, ამ სიტუაციაში საკმარისად უსაფრთხოა სკოლების გახსნა და საკმარისად გრძელვადიან პერსპექტივაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რადგან ეპიდემიური ტენდენციები დღევანდელი სურათიდან გამომდინარე ნამდვილად არ გვაძლევს დრამატული მატების, პროგნოზირების საფუძველს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მისი თქმით, სიფრთხილე აუცილებელია, სამინისტრო და სპეციალისტები ყურადღებით დააკვირდებიან ეპიდემიური მოვლენების განვითარებას.

„კორონავირუსის გავრცელების ტენდენციები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა. მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია შექმნის სკოლებისთვის კეთილსაიმედო ვითარებას სკოლების გახსნისთვის. კიდევ საიმედო და დამაიმედებელი ინფორმაცია, რომელიც უახლესი კვლევებიდან გამოიკვეთა, ბავშვი თვითონ, კორონავირუსის მიმღებიც და გადამტანიც არის ნაკლებად. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ნიღბების გამოყენების სპეციფიკურ წესზე ვსაუბრობთ და ნიღბებს ვთხოვთ ძირითადად პედაგოგიურ პერსონალს და მოზრდილ ადამიანებს, ესეც ემყარება იმ ახალ მტკიცებულებებს, რომ მოზრდილი ადამიანი უფრო მეტადაა ინფექციის მიმღებიც და გადამტანიც. სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის არის 5 ოქროს წესი, რომლებიც რეკომენდაციებშია ასახული.

„ეს, რა თქმა უნდა, შეეხება პირბადის გამოყენებას. პირბადის გამოყენება აუცილებელი იქნება ყველა სკოლაში, სასწავლო გარემოში მყოფი პირისთვის, მაგრამ არ იქნება სავალდებულო მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება სხვა წესებს, ეს არის ისევ და ისევ ჰიგიენა და სკოლა უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით ბავშვებისა და სხვა პერსონალის მომარაგებას. ეს არის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ყველაზე ეფექტურია ხელების დამუშავებისთვის. მესამე ეს არის ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა სველ წერტილებში, ასევე საკლასო ოთახებში. ოთახების განიავება- ეს არის მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეხუთე და ყველაზე მნიშნელოვანი წესია სოციალური დისტანციის დაცვა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მშობლებმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ უნდა გაუშვან, რადგან ეს ახლა კიდევ განსაკუთრებულ რისკებს უკავშირდება.

„ეს არც მანამდე იყო გამართლებული და ახლა კიდევ განსაკუთრებულ რისკებს უკავშირდება, ამიტომაც ყველა მშობელს ვთხოვთ, თავი შეიკავოს ბავშვის სკოლაში მიყვანისგან, თუ მას აქვს სიცხე, სურდო, ხველა და რესპირაციული სიმპტომები, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ უკვე სკოლაში მისულ ბავშვს აქვს სიცხე, ამ შემთხვევაში სკოლებში ყველგან არის მოწყობილი იზოლირებული ოთახი, სადაც ბავშვი, თუ მას ტემპერატურა დაუფიქსირდება, იქ გადავა და დაელოდება ექიმს ან მშობელს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203