თამაზ ხომასურიძის ბებიის, ლიანა ხომასურიძის განცხადებით, პროკურატურასთან შვილიშვილთან ერთად აპირებს შიმშილობის დაწყებას, ვინაიდან პროკურატურა არ აკმაყოფილებს მისი ბრალდებული შვილთაშვილის მოთხოვნას.
მისი თქმით, მისი შვილთაშვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას მოითხოვს. ის ასევე ითხოვს, დეტექტორი გაიარონ მოწმეებმა - გური ამირხანაშვილმა, იაკობ ბრეგვაძემ და „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის მგზავრებმა.
ლიანა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილთაშვილი უდანაშაულოა.
„ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვის. თუ ჩემი შვილთაშვილი მკვლელი იქნება, დასაჯონ ისე, როგორც საჭიროა. სწორედ ამ პოზიციის გამოსახატად ვარ აქ მოსული. მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექნება, - აცხადებს ლიანა ხომასურიძე.
მის პოზიციას იზიარებს ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუა, გიორგი ხომასურიძე.
„არ ვიცი, პროკურატურა რატომ არ აკმაყოფილებს ჩვენი ოჯახის მოთხოვნას სიცრუის დეტექტორის გავლასთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ჩემს შვილიშვილს ვინმეზე ხელი აეღო, დანა ან იარაღი გამოეყენებინა. ჩემი შვილიშვილის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ თავიდანვე არ დაურეკა საპატრულო პოლიციას. თუმცა, იქ სხვებიც იყვნენ და რატომ არ დარეკეს, ან რატომ მიატოვეს გიორგი შაქარაშვილი?! გიორგი შაქარაშვილის მშობლების სანუგეშოდ ვიტყვი, რომ მათი შვილის სული ზეცაშია. ღმერთი იწამონ, ნუ დაგვჩაგრავენ თანამდებობით და ფულით, გაჭირვებული ხალხი ვართ. ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ", - განაცხადა ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუამ.