რა შემთხვევაში მოიხსნებიან აბიტურიენტები უმაღლესში ჩარიცხვის კონკურსიდან - „ნაეკის“ განმარტება
19-08-2020

2020 წლის აბიტურიენტები ამჯერად აპელაციის შედეგებს ელოდებიან, რომლის გამოცხადებიდან მალევე ცნობილი გახდება, რომელ უნივერისტეტში და რომელ პროგრამაზე ჩაირიცხნენ.

მანამდე აპლიკანტების ნაწილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უნდა წარადგინოს.

ატესტატის წარდგენის ბოლო ვადა აბიტურიენტებს 20 აგვისტოს ჩათვლით აქვთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ვადაში ისინი სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის წარდგენას ცენტრში ვერ მოახერხებენ, ავტომატურად იხსნებიან კონკურსიდან და ჩარიცხვებში მონაწილეობას აღარ იღებენ.

გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ ! სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) უნდა წარმოადგინონ მხოლოდ იმ აბიტურიენტებმა, რომლებსაც საგამოცდო ბარათზე აქვთ მითითებული აღნიშნული ინფორმაცია.

როგორც უწყებაში etaloni.ge - ს განუცხადეს, თუ აპლიკანტმა ვერ დაადასტურა ატესტატის არსებობა, იგი ჩარიცხვების კონკურსს ეთიშება.

„თუ აბიტურიენტს ატესტატის ასლის წარმოდგენის ვალდებულება აქვს და 20 აგვისტოს ჩათვლით ვერ წარმოადგინა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას, თუ შესაბამისი უწყებები დაუდასტურებენ ცენტრს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ პირზე გაცემულია ატესტატი. თუ ამის დასტური ცენტრმა ვერ მიიღო, აბიტურიენტი ეთიშება კონკურსს“, - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აბიტურიენტებს, რომლებმაც ატესტატი უნდა წარადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საგამოცდო ბარათზე აქვთ მითითებული.

იხილეთ დეტალურად ვის სჭირდება გამოცდების ეროვნულ ცენტრში ატესტატის წარდგენა:

თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, მაშინ 2020 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი:

იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს;

  • აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას);
  • აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2020 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203