„ეტალონი“ სახალხო პროექტია, მოხარულები ვართ ტრადიცია რომ არ დაირღვა და ინტელექტ-ჩემპიონატი მაინც ჩატარდა“ - „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
21-08-2020

ახლახან დასრულდა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ქედის მუნიციპალიტეტში და საამაყოა, როდესაც ხვდები, მიუხედავად პანდემიისა და იმ რთული პერიოდისა, რომელიც საგანგებო მდგომარეობისას ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, პროექტს აქტუალობა არ დაუკარგავს.

პატარა ერთგული გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, როდის ჩატარდებოდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი და მიუხედავად იმისა, არსებობდა გარკვეული ბარიერები, ტრადიციული ღონისძიება მაინც გაიმართა, ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა მოსწავლეებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და არც შეცვლილ ფორმატს შეუქმნია წინააღმდეგობები; პირიქით, როგორც თავად მონაწილეებმა აღნიშნეს, დისტანციური ონლაინ-ჩემპიონატი არანაკლებ მოეწონათ და პირველ-მეორე ადგილებიც, სხვათა შორის, ძმებმა გაიყვეს, წონიარისის საჯარო სკოლიდან; მესამე ადგილზე გასულმა ნიკა ბაჯელიძემ კი გაგვიმხილა, ყველაზე მეტად ის მახარებს, ტრადიცია რომ არ დაირღვა და პანდემიის მიუხედავად, ეტალონი“ ჩატარდაო.

კომენტარზე ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ასევე განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, რომლებმაც პროექტიც შეაფასეს და მოსწავლეებსაც მიულოცეს წარმატებული ასპარეზობა.

ლევან გორგილაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი:

პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“, ესაა პროექტი, რომელმაც დროს გაუძლო. მართალია, აქამდე ჩემპიონატები ლაივ-რეჟიმში ტარდებოდა, მაგრამ ახლა სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ და მოხარული ვარ, რომ კონკურსის ფორმატი გარემოსა და სიტუაციას სრულად მოერგო.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ონლაინ-რეჟიმშიც დიდი წარმატებით ჩატარდა ინტელექტ-ჩემპიონატი, გამარჯვებული კი მართლაც საოცარი ახალგაზრდაა, რომელსაც, კონკურსის ყველა მონაწილესთან ერთად, წარმატებებს ვუსურვებ. „ეტალონი“ ნამდვილად იმსახურებს დადებით შეფასებას და მჯერა, ეს მდგრადობა შენარჩუნდება ბევრი წლის განმავლობაში, თუმცა აქვე იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ტრადიციულ ფორმატს მალე დაუბრუნდება და ეპიდსიტუაციაც მოგვცემს საშუალებას, ბევრად მასშტაბური ღონისძიებები ჩავატაროთ.  

 

ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის სპორტის ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი:

- „ეტალონი“ ყველასთვის ძალიან საყვარელი პროექტია და ჯერ კიდევ იმ დროიდან ვგულშემატკივრობდი, როდესაც ტელევიზიით გადაიცემოდა. ახლა კი მოხარულები ვართ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატმა ასეთი მასშტაბური სახე მიიღო, გახდა პოპულარული და რაც მთავარია - ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი. თითოეულ ბავშვს მიეცა საშუალება, გამოავლინოს ცოდნა და მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება სწორი მიმართულებით.

წელს ჩემპიონატი დისტანციურად ჩატარდა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბავშვები თავს კარგად ართმევენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ონლაინ-რეჟიმში ჩატარებულ კონკურსსაც მალევე აუღეს ალღო - წელსაც წარმატებული აღმოჩნდა მათი მონაწილეობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ვუგულშემატკივროთ „ეტალონს“ და არაერთ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა თქვენთან ერთად.

ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანადგომა განათლების საკითხებში, რადგან ესაა უდიდესი მოტივაცია, არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლებისთვისაც, რადგან კარგად ჩანს პედაგოგის მუშაობის შედეგი; რა თქმა უნდა, განათლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, დავუჭიროთ მხარი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამას.  „ეტალონთან“ მეგობრობა კი განსაკუთრებით გვეამაყება.

დურმიშხან შავიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

 - ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროექტების არსებობა და ამ მხრივ „ეტალონი“ მოწინავე პოზიციაზეა. პირველ ყოვლისა, შეუძლებელია, არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მსოფლიო პანდემიის გამო ჩვენმა ბავშვებმა ბევრი კონკურსი გამოტოვეს, არაერთი აქტივობა გადაიდო, „ეტალონმა“ კი ტრადიცია არ დაარღვია და მაინც მოახერხა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება.

მართალია, კონკურსი დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დაინტერესება დიდი იყო, ბავშვები კი წიგნს დაუბრუნდნენ. „ეტალონის“ კონკურსში მონაწილეობით, მათ აქვთ საშუალება, ცნობიერება აიმაღლონ, განივითარონ საჭირო უნარები და სხვათა შორის, წელს სულ ჰქონდათ მოლოდინი, როდის ჩატარდებოდა ჩემპიონატი.

ბავშვებს ძალიან მოეწონათ საკონკურსო კითხვები, რომელთა შორის ნაწილი ქედის მუნიციპალიტეტს, მის ისტორიას შეეხებოდა... კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - მოხარულები ვართ, ტრადიცია რომ არ დაირღვა და ვფიქრობ, ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვა. პირადად კი ვულოცავ ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს და ვუსურვებ წინსვლას.„ეტალონი“ ნამდვილად სახალხო პროექტია.

ირაკლი ბარამიძე - I ადგილის მფლობელი, ქედის მუნიციპალიტეტის, წონიარისის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე:

- მოხარული ვარ, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა რომ მივიღე, კონკურენციაც დიდი იყო და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე; ძალიან მომეწონა, კონკურსი დისტანციურად რომ ჩატარდა, ეს ნამდვილად სიახლე იყო და სხვათა შორის, ფორმატი პირადად ძალიან მომეწონა - ნაკლებად დაძაბული ვიყავი და კითხვებსაც თავისუფლად ვპასუხობდი.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ის იყო, რომ კონკურსზე მე და ჩემმა ძმამ პირველ-მეორე ადგილები გავინაწილეთ. როდესაც შევიტყვე, რომ მეორეადგილოსანი ჩემი ძმა იყო, გამიხარდა. კონკურსის მიმდინარეობისას კი ერთად არც ვყოფილვართ - ჩემი ძმა სახლში არ იყო...

„ეტალონი“ კი განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან სააზროვნო პროექტია და მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული. მიხარია რომ ამჯერად თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობის საშუალებაც მოგვცა მოსწავლეებს და თან ეს კვლავ ინოვაციურად და შემეცნებითად მოახერხა.

გიგი ბარამიძე - II ადგილის მფლობელი, ქედის მუნიციპალიტეტის, წონიარისის საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე:

- ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას ამ შესაძლებლობისათვის. რადგან ესაა ყველაზე მაგარი პროექტი, რომელიც შეიქმნა საქართველოში და საზღვრებსგარეთაც ჩვენს თანამემამულეებში საკმაოდ პოპულარულია.

„ეტალონი“ ბავშვს აძლევს იმის მოტივაციას, რომ ისწავლოს და გარდა ამისა, სწორედ კონკურსის მიმდინარეობისას, ნათლად ჩანს მოსწავლის შესაძლებლობები, ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები.

რაც შეეხება ჩემი ძმის პირველ ადგილზე გასვლას, ეს ამბავი ძალიან გამიხარდა. სიამაყით ვივსები, როდესაც ვიცი -  ჩემი ძმა ჩემზე უკეთესია.

სხვათა შორის, ეს „ეტალონის“ ჩემპიონატში ჩემი მონაწილეობის პირველი შემთხვევა არ არის, მერვე კლასში ვიყავი, როდესაც კონკურსში მესამე ადგილზე გავედი. კარგია, წელს ჩემპიონატის ჩატარებას პანდემიამაც რომ ვერ  შეუშალა ხელი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სისტემაც გამართული იყო და არანაირი დისკომფორტი არ შეგვქმნია.

ნიკა ბაჯელიძე - III ადგილის მფლობელი,  ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის საჯარო სკოლის X კლასი:

- მოხარული ვარ, ზოგადად, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა და განსაკუთრებით ის მახარებს, კონკურსი პანდემიის მიუხედავად, დისტანციურად, მაინც რომ ჩატარდა. კითხვები სააზროვნო იყო, თუმცა ზუსტად შეესაბამებოდა მონაწილეების ასაკს. იყო საკითხები, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტს შეეხებოდა და ორმაგად საინტერესო იყო. ისიც ძალიან გამიხარდა, საპრიზო ადგილზე რომ გავედი,

მზია ხალვაში, ქედის მუნიციპალიტეტის, წონიარისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- როგორც სკოლის დირექტორი, ძალიან ამაყი ვარ, რადგან ორი მოსწავლე ჩემი სკოლიდან „ეტალონის“ ინტელექტ-ჩეპიონატში საპრიზო პირველ-მეორე ადგილზე გავიდა. ძალიან კარგი შედეგია, ვფიქრობ, ეს გამარჯვება დადებითად იმოქმედებს მოსწავლეებზე და  მისაბაძი მაგალითი გახდება. მადლობელი ვარ ამ ემოციისთვის და იმედია, უკეთესი წარმატებები გვექნება.

რაც შეეხება თავად პროექტს, ძალიან საინტერესოა, რომელიც მოსწავლეებს წინსვლისა და წარმატების შესაძლებლობებს უქმნის. ნამდვილად მისასალმებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ასეთი კონკურსის ჩატარება, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება განვითარებაში.

თამარ თავდგირიძე, დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი:

- პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი პროექტია და  მრავალმხრივ წარმოაჩენს მოსწავლეს. ნიკას მესამე ადგილზე გასვლა ჩვენთვისაც დიდი სიხარული და მოულოდნელობა იყო და გვიხარია, რომ შეძლო ზოგადი განათლების და კრიტიკული აზროვნების უნარების დემონსტრირება.

ვფიქირობ, ნიკა ბაჯელიძე გახდება მაგალითი სხვა მოსწავლეებისთვისაც და მათ მოტივაციაზე მისი წარმატება დადებითად იმოქმედებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203