მოემატებათ თუ არა მასწავლებლებს დაპირებული 150 ლარი? - „ეს მხოლოდ ინიციატივის დონეზეა“
29-08-2020

2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში საჯარო სკოლის მასწავლებლები მომატებულ ხელფასს ელიან, თუმცა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზზე  etaloni.ge - ს განუცხადეს, მასწავლებლის ხელფასების მომატების შესახებ დოკუმენტი არ არსებობს და წინადადება მხოლოდ ინიციატივის დონეზეა.

დღემდე, ცნობილი იყო რომ მასწავლებლებს ხელფასი 150 ლარით ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოემატებოდათ. ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.

აღსანიშნავია, ისიც რომ პანდემიის გამო სახელმწიფომ გარკვეული მიმართულებებით ბიუჯეტი შეამცირა, მათ შორის ბიუჯეტი შეუმცირდა განათლების სამინისტროსაც, თუმცა როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარე, ისე განათლების სამინისტრო აცხადებდა, რომ პედაგოგებისთვის მიცემული პირობა ძალაში რჩება.

აღნიშნულის შესახებ ბოლოს კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ ივნისში  გააკეთა და თქვა, რომ სახელმწიფო პედაგოგებისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს. „უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ განაცხადს, თუ როდიდან დაიწყება მასწავლებლის ხელფასის ზრდა“, - დასძინა მან.  მიუხედავად ამისა კონკრეტული ინფორმაცია განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

იმის გათვალისწინებით, რომ 2020-2021 სასწავლო წელის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა, განათლების სამინისტროს კი მასწავლებლისთვის ანაზღაურების მომატებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუჟღერებია,  აღნიშნული საკითხით etaloni.ge დაინტერესდა და დეტალების გასაგებად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს და განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას თავად გაავრცელებენ, თუმცა არც იმას აკონკრეტებენ როდის.

განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე კი etaloni.ge - ს განუცხადეს, რომ ჯერჯერობით, ხელფასების მომატება მხოლოდ ინიციატივის დონეზე განიხილება და მსგავსი ტიპის დოკუმენტი არ არსებობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203