ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
იხილეთ აპელაციის შედეგები
სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
„აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ გათანაბრებულ ქულას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ აბიტურიენტებმა მიაქციონ ყურადღება ამ ქულას, რომლებიც ჩაჭრის ზღვარზე არიან. გათანაბრების შემდგომ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ახლა მისი ქულა მინიმალურ ზღვარზე მეტია", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
შეგახსენებთ, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც,ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 27 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთხოვს, გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლიან.