2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისთანავე, აბიტურიენტებისთვის ტრადიციულად აქტუალური ხდება ინფორმაცია მეორადი ჩარიცხვების შესახებ.
იქნება თუ არა წელს მეორადი ჩარიცხვები - შეკითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე უპასუხა:
„მეორადი ჩარიცხვები რამდენიმე წელია აღარ არის. თუ წინა პერიოდში აბიტურიენტებს 2-3 პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ, შემდეგ გაიზარდა, თუმცა მაინც ლიმიტირებული იყო პროგრამათა არჩევა, ბოლო წლებია მათ განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ პროგრამების არჩევა, შესაბამისად, მეორადმა ჩარიცხვებმა აზრი დაკარგა. აქედან გამომდინარე, მეორადი ჩარიცხვები წელსაც არ იქნება“, - აცხადებს გორგოძე.
რაც შეეხება აბიტურიენტებისთვის ქულის მომატების საკითხს, ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წელს პროცენტულად უფრო მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი ვიდრე გასულ წელს და ქულების მომატება ლოგიკაში არ ჯდება.
„შესაბამისად, ის რომ წელს განსაკუთრებით რთული პირობები იყო და ამიტომ უნდა მოემატოთ აბიტურიენტებს ქულა მგონია, რომ ლოგიკას მოკლებულია“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ცნობისთვის, აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სთხოვენ, გაითვალისწინონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, რადგან პანდემიის გამო მათ ვერ შეძლეს გამოცდებისთვის სათანადო მომზადება.
ასევე დაგაინტერესებთ:
წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, გრანტი კი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა
500-მდე აბიტურიენტი ყველა საგანში ზღვარის გადალახვის მიუხედავად, სტუდენტი ვერ გახდა - მიზეზს სოფიო გორგოძე განმარტავს