5 შემთხვევა, როდესაც სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის - სკოლებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის წესი და პირობები დამტკიცდა
09-09-2020
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები დამტკიცდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა დისტანციური სწავლების მოდელები, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობები.

სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;

ბ) რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;

გ) სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;

ე) ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები დგინდება საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რესურცენტრს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და/ან მისი შესაბამისი უწყების წერილობითი რეკომენდაცია სკოლის/სკოლების სრულად დახურვის შესახებ კონკრეტული ვადის მითითებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – შესაბამისი რესურსცენტრის დასაბუთებული შუამდგომლობა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – სკოლის შუამდგომლობა სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციისა და სამუშაოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყების, ან კერძო სკოლის შემთხვევაში – თავად სკოლის დასაბუთებულ მიმართვასთან ერთად შესაბამისი ვადის მითითებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები საჯარო სკოლისთვის დგინდება სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი საჯარო სკოლის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203