დღევანდელი მონაცემებით, სწავლის განახლების უფლება 820 სკოლას აქვს
10-09-2020

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, დილის მონაცემებით, 820 სასწავლო დაწესებულებას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ  სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განაახლონ.

ფერაძე ამბობს, რომ სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ დაიწყება სკოლების გეგმური შემოწმება, თუ რამდენად ითვალისწინებენ ისინი რეკომენდაციებს.

„არამხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ ბევრი ბიზნეს სუბიექტი ოპერირებას აახლებს შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. სკოლებთან მიმართებით გვაქვს ეს პროცესი, სასწავლო პროცესის განახლებამდე წინასწარ უნდა შევამოწმოთ, ჯარიმებზე საუბარი ჯერ ადრეა, აქცენტს ვაკეთებთ, რომ ნებართვა გავცეთ.

რაც შეეხება გეგმურ გადამოწმებას, ეს იქნება სასწავლო პროცესის განახლებისას, თუ რამდენად ითვალისწინებს ესა თუ ის სკოლა რეკომენდაციებს. დღეის მდგომარეობით, ნებართვების გაცემის ეტაპზე ვართ. ასე მკვეთრად არ შევხედავდი, რომ ვინმემ ნებართვა არ მიიღო, ეს მუდმივი პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით შესრულდა ყველა მოთხოვნა.

დილას გადავამოწმეთ და 820 სასწავლო დაწესებულებას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ 15 სექტემბრიდან განაახლონ სასწავლო პროცესი. 15 სექტემბრამდე ყველა სასწავლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შემოწმდება. ის, ვინც დახარვეზდა და პირველ ეტაპზე არ მივეცით დადებითი დასკვნა, რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და განმეორებით ხდება ინსპექტირება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203