უკვე ცნობილია, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში და მათ შორის თბილისშიც, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება. არადა, სკოლების უმრავლესობა მოსწავლეთა დასახვედრად მზად იყო, და რომ არაფერი ვთქვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაზე, სკოლების უმრავლესობას ყველაფერი მზად ჰქონდა, მათ შორის, ბავშვებს სასკოლო სახელმძღვანელოები მერხებზე უნდა დახვედროდათ;
ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და საინტერესოა, როგორ მიიღებენ მოსწავლეები წიგნებს. როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, დირექტორებმა უკვე მისცეს მითითება კლასის დამრიგებლებს, რომ სკოლაში მშობლები დაიბარონ და სწორედ მათ გადასცენ სახელმძღვანელოები, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მცირე ბიუროკრატიული ელემენტებიც გასათვალისწინებელია - მშობელმა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი აუცილებლად უნდა მოაწერონ. თუმცა როგორც ირკვევა, ეს პროცესი სასწრაფოდ - შაბათ-კვირას უნდა დასრულდეს, რათა ორშაბათიდან მეტად გართულდება ბევრი ადამიანის თავშეყრის არიდება. სამშაბათს კი 15 სექტემბერია და მოსწავლეები სასწავლო პროცესს დისტანციურად იწყებენ.
ამ საკითხზე კომენტარი განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემაც გააკეთა და განაცხადა: „სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. ახლა სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მიწოდების პროცესს“.
- ასე რომ პირველკლასელებს კომპიუტერებსაც მშობლები სახლში მიართმევენ - გილოცავთ ახალ სასწავლო წელს დისტანციურად, დიდი ქალაქების მაცხოვრებლებო.
იხილეთ ასევე - სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება - დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყება