2020-2021 სასწავლო წელი რომ უჩვეულოდ დაიწყო ამაზე არავინ დავობს. საზეიმო ღონისძიებების, სასკოლოდ გამოწყობილი ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის საგანგებოდ შერჩეული ყვავილების ნაცვლად, სწავლა ნაწილმა დისტანციურად დაიწყო.
სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა სკოლების, მოსწავლეების და მშობლების მხრიდან, რაც პირველივე სასწავლო დღეს პარლამენტის შენობასთან აქციაზე გააპროტესტეს.
ონლაინ სწავლება განსაკუთრებით მძიმედ აღიქვეს იმ კერძო სკოლებმა, რომლებმაც რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად დიდი ხარჯი გაწიეს. როგორც etaloni.ge-სთან სკოლების ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ზოგადი განათლების ექსპერტი ელზა ბადაშვილი აღნიშნავს, მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი გაამზადეს, რომელშიც მთავრობის მეთაურს იმ კერძო სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენას სთხოვენ, რომლებმაც რეკომენდაციები სრულად დააკმაყოფილეს.
„პრემიერ-მინისტრის სახელზე დავწერეთ წერილი და ვითხოვთ, რომ სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს მიეცეთ სასწავლო პროცესის კლასებში განახლების უფლება.
ჩვენ ვთვლით, რომ არ იყო საჭირო ესე ჩაეკეტათ დიდი ქალაქები და სწავლა არ დაწყებულიყო, რადგან ეს ბავშვები სკოლაში თუ არ მიდიან ეზოში ჩადიან. სახლში ხომ არ კეტავენ, სახლში რომ კეტავდნენ, კი ბატონო, ვიტყვით რომ ყველა ჩაიკეტა და ვერ მოვლენ, მაგრამ ეს ბავშვები არც ეზოში არიან დაცულები. სკოლის ჩაკეტვას რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის ვერ ვხვდები“, - აღნიშნავს განათლების ექსპერტი.
როგორც ელზა ბადაშვილი გვეუბნება, აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლებთან ერთად მძიმე გადასატანია მოსწავლეებისთვის. მისი თქმით, ბავშვებს პრაქტიკულად არ ახსოვთ წინა მასალა, და ახლა დისტანციური სწავლების პერიოდში მათი განათლების დონე კატასტროფულად დაბლა დაიწევს.
„ჩავთვალოთ, რომ ბავშვებს უკვე დაეკარგათ ერთი წელი, რადგან, მარტიდან გაკვეთილები პრაქტიკულად არ ჩატარებიათ. ჩვენ მოვასწარით და 1 სექტემბრიდან 2 კვირა დავიწყეთ სწავლა და ბავშვებს არაფერი არ ახსოვთ. ის წელი ჩავარდა, ახლა რომ არ გავაგრძელოთ პირდაპირი სწავლება გამოდის მეორე წელზე მივდივართ და 2 წელი რომ ბავშვებს ჩაუვარდებათ დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ელზა ბადაშვილმა.
დისტანციურ სწავლებას აპროტესტებენ მოსწავლეების მშობლებიც. მათი თქმით, ოჯახებში რომლებიც მრავალშვილიანები არიან, არ არის იმის საშუალება, რომ ყველა ბავშვი ერთდროულად ჩაერთონ ონლაინ გაკვეთილში. მათივე თქმით, იმ ფონზე, როცა კონცერტები იმართება, ბავშვები ეზოში ჩადიან და თავშეყრა მაინც ხდება, სკოლების დახურვა მცდარი ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ აისახება მათი შვილების განათების დონეზე.
„რადგან ვთვლით, რომ დისტანციური სწავლება შეუმდგარია საქართველოში. პირადად მე სამი შვილი მყავს და ის თვეები, რაც დისტანციურის დროს გავიარეთ პრაქტიკულად დაკარგულია. ამასთან მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ინდივიდუალურად დავსვა სამივე შვილი ონლაინ გაკვეთილზე, არ მაქვს სამი ლეპტოპი და ტელეფონი, რომ ონლაინ გაკვეთილში ჩაერთონ, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს დამატებითი სტრესია ბავშვებისთვის და მათი დისკრიმინაცია და უფლებების დარღვევაა.
ვითხოვთ სკოლების გახსნას, რადგან ვთვლი, რომ თუ ბავშვები დადიან სკვერებში, აწყობენ კონცერტებს, ჩადიან ეზოში - აქ არ არის ვირუსი და მხოლოდ სკოლებშია?! ამიტომ ვითხოვთ, სკოლების გახსნას და ვითხოვთ ბავშვებს მისცენ სრულყოფილი განათლება, რისი უფლებაც მათ აქვთ“, - განაცხადა აქციაზე მოსულმა მშობელმა რუსუდან კუჭაშვილმა.
„აქციაზე ჩემს შვილიშვილთან ერთად მოვედი. მან პირდაპირ გააპროტესტა ონლაინ გაკვეთილი და არ ჩაერთო პროცესში, რადგან არც ერთ ბავშვს არ მოსწონს ეს. ეს ყოვლად მიუღებელია. უნდათ რომ ჩვენი შვილები დატოვონ გაუნათლებლები, ონლაინ ისწავლება იმ დონეზე, რომ ეს ბავშვები ისეთი აკადემიკოსები გამოვიდნენ როგორიც ახლა გვყავს? - ეს არის გამორიცხული. უნდათ ჩვენი შვილები მონებად გაზარდონ და ამას ვერ მიაღწევენ. არც მშობლები და არც მოსწავლეები არ არიან თანახმა ონლაინ სწავლებაზე“, - გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ ლარისა წითლანაძემ.
აქციას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი სერგო რატიანი, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას დანაშაულს უწოდებს. მისი თქმით, კერძო სკოლებმა დიდი ხარჯი გაწიეს. ამასთან, აღნიშნავს, რომ კერძო მცირეკონტიგენტიან სკოლებს დისტანციური სწავლება საერთოდ არ უნდა შეხებოდათ.
„ის, რაც ხელისუფლებამ კერძო სკოლებს გაუკეთა არის დანაშაული. სკოლებს შესყიდვები გააკეთებინეს და პრაქტიკულად მოატყუეს. საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი და მაშინ, როცა შესაძლებელი იყო ეს თანხები მიმართულიყო, თუნდაც მასწავლებელთა ხელფასებისკენ, წავიდა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით და ახლა ჩაშალეს სწავლის პროცესი. რაც მთავარია, კერძო სკოლებს შორის არის სკოლები, რომლებიც მცირეკონტიგენტიანია, რომლებსაც საერთოდ არ უნდა შეხებოდა ეს შეზღუდვები.
ვერ აზროვნებენ, რადგან რეგიონებში არის მცირეკონტიგენტიანი სკოლები რომელიც უნდა განახლებულიყო, თუმცა კერძო სკოლებიც არის მცირეკონტიგენტიანი რომელიც იგივე რეჟიმში უნდა ყოფილიყვნენ და არ უნდა დაეხარჯებინათ მათთვის ამხელა თანხები თუ გარანტია არ ჰქონდათ რომ სასწავლო პროცესი სკოლაში არ განახლდებოდა.
ამ ყველაფერს მძიმე გავლენა ექნება ბავშვების განათლებაზეც, რადგან პირველიდან მესამე კლასამდე ზოგადად წარმოუდგენელია დისტანციურ რეჟიმში იმეცადინონ ბავშვებმა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.