„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი უფლებამოსილებები ენიჭებათ. კერძოდ:
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა).
ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი, საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.