ალტერნატიულ შენობაში დაწყებული ახალი სასწავლო წელი ახალი მოტივიაციითა და დიდი იმედებით - სიქთარვის სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო
10-10-2017
სიქთარვის სკოლაში სასწავლო პროცესი 2 ოქტომბერს დაიწყო. მიზეზი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შენობის არარენტაბელურად გამოცხადება და ალტერნატიულ ფართში გადასვლა იყო.

ამჟამად სასწავლო პროცესი სოფლის გამგეობის შენობაში, რვა პატარა ოთახში მიმდინარეობს ორ ცვლად. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უახლოეს დღეებში კიდევ ორი ოთახის დამატება იგეგმება, თუმცა ეს ორი ცვლაში სწავლის პრობლემას მაინც ვერ მოხსნის.

სიქთარვის სკოლის დირექტორმა ია კვატაიამ აღნიშნა, სექტემბრის დასაწყისისთვის გარემონტებულ სკოლას ელოდნენ, თუმცა აგვისტოს ბოლოს უკვე ფორსმაჟორულ სიტუაციაში ალტერნატიული ფართის მოძებნა დასჭირდათ:

''მომხდარი ფაქტი გაუთვალისწინებლი იყო. ყველა სამართლებრივი პროცედურა, რაც ალტერნატიულ ფართში გადასვლას ესაჭროებოდა, იქნებოდა ეს უზუფრუქტის წესით ქონების უსასყიდლოდ გადმოცემა თუ ალტერნატიული შენობის მდგრადობის დადგენა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდა. იოლი არ იყო ამ მცირე დროში სამართლებრივი თუ ფიზიკური სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით, ჩვენი ძალებით რაც შესაძლებელი იყო, მოგვემზადებინა ფართი სასწავლო პროცესისათვის, თუმცა ერთმანეთის გვერდით დგომით, მაქსიმალური მობილიზებით, ჩვენი მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სწავლა 2 ოქტომბერს დავიწყეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ თვითმმართველობასა და თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს გამოჩენილი ყურადღებისათვის,'' - გვითხრა ია კვატაიამ.

აღსანიშნავია ერთი გარემოება - შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, მოსწავლეთა კონტიგენტი, სამწუხაროდ, შემცირდა. ია კვატაია იმედოვნებს, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც ახლომდებარე სკოლაში გადავიდნენ სასწავლებლად, მალე დაბრუნდებიან მშობლიურ სკოლაში.

''სწავლის დაწყებამდე მოსწავლეთა მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინფორმაცია, დროულად ეწოდებოდათ, მაინც გაურკვევლობაში იყვნენ. ვიმედოვნებ, ის მოსწავლეები, რომლებიც ახლომდებარე სკოლაში გადავიდნენ, მალე დაბრუნდებიან მშობლიურ სკოლაში. წელს 16 პირველკლასელი მივიღეთ. მათთან შეხვედრა 15 სექტემბერს დავგეგმეთ, კომპიუტერებიც ამ დღეს გადავეცით, მათი ლექსები მოვისმინეთ და სხვა გასართობი აქტივობებიც შევასრულეთ,'' - აღნიშნა ია კვატაიამ.

სიქთარვის სკოლის დირექტორის ინფორმაციით, რაც შეიძლება მალე, სკოლის ახალ შენობას ელოდებიან. თუმცა, ამ ეტაპზე არც პროექტი არსებობს  და არც დემონტაჟისა და ახალი სკოლის აშენების თარიღია ცნობილი. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, თანამშრომლების მოტივაცია და მზაობა გამორჩეულია.

''მიხარია, რომ თანამშრომლების მოტივაცია ნამდვილად შესაშურია. მიზანი კი ისაა, რომ ვიწრო ოთახებში ჩვენმა მოსწავლეებმა გაცილებით მეტი სითბო, სიყვარული და გაკვეთილებზე საინტერესო აქტივობები მიიღონ. ყველაფრის მიუხედავად, მეტი და მეტი პოზიტივი - ყველა ვთანხმდებით ამ განწყობაზე,'' - გვითხრა ია კვატაიამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203