უკვე გადაწყდა, ფოთისა და გორის გარდა, სადაც სასწავლო პროცესი სრულად აღდგება, პირველი ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში, 1-6 კლასის მოსწავლეები, საკლასო ოთახებში ისწავლიან. თუმცა ეს რეგულაციები არ ვრცელდება აჭარაზე. იქ პირიქით, ბევრად გამკაცრდა კონტროლი, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ბუნებრივია, სწავლაც მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.
მაგრამ როდიდან შეძლებს აჭარა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და ზოგადად, როდიდან იქნება შესაძლებელი, სრულფასოვანი სასწავლო პროცესის აღდგენა? - ამ კითხვას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პასუხობს:
„ჩვენ პირველ რიგში უნდა მივიღოთ ზომები, რომ აჭარა დაუბრუნდეს მწვანე ზონას; ვხელმძღვანელობთ ეპიდემიის ოთხეტაპიანი განგაშის შუქნიშნით და როგორც კი აჭარაში გაივლის მომატებული განგაშის პერიოდი, ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას და მათ შორის სკოლაც.
გარკვეული პერიოდი დისტანციური რეჟიმის შენარჩუნება არის ქმედითი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ სწრაფად მოვახერხოთ ნორმალური საკლასო აქტივობების განხორციელება, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდი უნდა დავიცადოთ. ყველაფერი კეთდება სტაბილიზაციისთვის და როგორც კი გვექნება ეპიდემიოლოგიური სურათი, რომ მივუახლოვდებით მწვანე ნიშნულს, რა თქმა უნდა, უკვე დადგება საკლასო ოთახებში სწავლის განახლების საკითხი“.