მაგისტრანტმა საგრანტო ქულის მიღების შემთხვევაშიც შეიძლება ვერ მოიპოვოს დაფინანსება თუ ... „ნაეკის" განმარტება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი ქულის მიღების მიუხედავად, მაგისტრანტი გრანტს ვერ მოიპოვებს თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტით, ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში ინფორმაცია არ ასახა.
ცენტრის განმარტებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
„იმ მაგისტრების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელშეკრულებები, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2020 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უნდა ასახონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი, სადაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საერთო სამაგისტრო გამოცდის საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.
გრანტს ვერ მოიპოვებს ის მაგისტრი, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი ქულა საერთო სამაგისტრო გამოცდაში, მაგრამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომლის მაგისტრატურაში ჩაირიცხა პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ერთიანი აქტი არ ასახა ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში, ან ასახა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.