სკოლებზე გადაწყვეტილება უცვლელია, ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნება, უნივერსიტეტები - 19 ოქტომბერს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. კერძოდ:
„1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომ 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში ბრუნდებიან. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლები თუ გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ონლაინ ისწავლონ მათმა შვილებმა და სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი.
12 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, სააღმზრდელო წელს განაახლებენ ბაღები. 19 ოქტომბრიდან კი უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არადისტანციურად განაგრძობენ სწავლებას. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენ, ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაახლონ მეცადინეობები“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
იხილეთ ასევე: საბავშვო ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნება ყველგან, გარდა აჭარისა