„ეტალონმა“ ამ სიტუაციაშიც შეძლო არ დარღვეულიყო ტრადიცია“ - თერჯოლაში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
02-10-2020

საკლასო ოთახებში დაბრუნებული მოსწავლეები და სკოლებში დაბრუნებული ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი - „ეტალონმა“ მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, კიდევ ერთხელ დაუმტკიცა გულშემატკივრებს, რომ როდესაც ისეთ დიდ საქმეს ემსახურები, რასაც მომავალი თაობების განათლება ჰქვია, ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა შეიძლება.

ეს ნათლად გამოჩნდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისას - ადგილობრივი სკოლების მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, მათი შთამბეჭდავი შედეგები და რაღა თქმა უნდა, სურვილი - იყვნენ საუკეთესოები, საუკეთესოთა შორის, ვერაფერმა მიანავლა. დიახ, „ეტალონთან“ მეგობრობა უკვალოდ არ ქრება და სწორედ ამაზე საუბრობენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები:

გურამ თურქაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი:

- ჩვენ შევეჩვიეთ „ეტალონთან“ ერთად ცხოვრებას, მუნიციპალიტეტის თითოეული საჯარო სკოლისთვის „ეტალონი“ განუყოფელი ნაწილი, მათი ყოველდღიურობაა და ამიტომ, ეს პროექტი კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს.

„ეტალონი“ ყოველთვის უწყობს ფეხს თანამედროვეობას, ყველა გამოწვევას პასუხობს, რაც, არსებული რეალობის მიუხედავად, ჩატარებულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და მოსწავლეების ჩართულობითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

მჯერა, ჩვენი ბავშვებისთვის „ეტალონი“ სიხარულის მომტანი იქნება, განსაკუთრებით კი ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში - მოსწავლეები მოწყურებულები არიან მსგავს აქტივობებს და იმედია, ხელს არაფერი შეგვიშლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპების ჩატარებაში. თამამად ვიტყვი - „ეტალონი“ ბავშვებს აფხიზლებს, საკუთრი ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს და ასეც უნდა გაგრძელდეს, სხვაგვარად წარმოუდგენელია.“

ქეთევან შეყრილაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

- მოხარულები ვართ, რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, „ეტალონმა“ ტრადიციას არ უღალატა - ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა და განსაკუთრებით საამაყოა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა. ზოგადად, არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობების განვითარებისთვის. პანდემიის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, როცა „ეტალონმა“ დაიწყო პროექტი izrune.ge, რომელიც ბავშვებს ცოდნას კი არ უმოწმებს, ცოდნას აძლევს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვები მომზადებულებიც კი შეხვდნენ თავსდატეხილ ამ მოულოდნელობას და სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ პროექტის გაგრძელება, ასევე გამრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ბავშვებს და მისცემს ცოდნის მიღების, შემდეგ კი მიღებული ცოდნის გამომჟღავნების საშუალებას.

კოტე გოგიაშვილი - რუფოთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოხარული ვარ, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ჩატარდა. საგნის მასწავლებლები მოუთმენლად ელოდნენ ტესტირების შედეგებს, რადგან ყველას აინტერესებდა მოსწავლეთა შედეგები საგნების მიხედვით. მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის პროექტის ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან შეძლეს, არ დარღვეულიყო ტრადიცია, არ შეუშინდნენ არც ერთ წინააღმდეგობას, ფორმატიც არსებულ რეალობას მოარგეს და ჩემპიონატის პირველი ტურიც წარმატებით გაიმართა.

ქეთი ცქიფურიშვილი - რუფოთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

- ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩვენი მოსწავლეებისთვის, ასეთი ფორმატით ჩატარებულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა - ყველა რეგულაცია, არსებული წესი ზედმიწევნით იყო დაცული და აქედან გამომდინარე, ბავშვები მხოლოდ იმაზე იყვნენ ორიენტირებულები, საუკეთესო შედეგები ეჩვენებინათ. 

გია ქასრაშვილი - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონს“ თითოეული მოსწავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ, ორმაგად სასიხარულოა, პირველი ტურის ჩატარება ტრადიციული ფორმატით რომ შევძელით. მოგეხსენებათ, შვიდი თვე სასკოლო სივრცეში ვერ ვატარებდით საგაკვეთილო პროცესს და ახლა, როცა დავბრუნდით, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი უდავოდ შემოგვეშველა მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენის მხრივ. ჩვენი სკოლიდან 27 ბავშვი იყო ჩართული, ბარიერი 13-მა გადალახა და ვფიქრობ, იმ ყველაფრის ფონზე, რისი გავლაც ბოლო თვეების განმავლობაში მოგვიხდა, ეს საკმაოდ კარგი შედეგებია... ამიტომაცაა აუცილებელი ასეთ პროექტების არსებობა, რათა დისტანციური სწავლების შემდეგ, მოსწავლეების ცოდნის ხარისხი შემოწმდეს და ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეებიც დავინახოთ.

ლელა სირაძე - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

- შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსწავლეები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის შედეგებითაც კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, კონკურსში შეძენილი გამოცდილება ცხოვრების გზაზე არაერთხელ დაეხმარებათ. პირადად, მოხარული ვარ, რომ დისტანციური სწავლების შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები, ასე თუ ისე, მომზადებულები შეხვდნენ კონკურსს და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მეცადინებოდნენ. შესაძლოა, დისტანციური სწავლების ხარისხის საკითხი სადავო იყოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გვყავს ბავშვები, რომლებიც იმ პერიოდში არ მოდუნდნენ, მუდმივად მეცადინეობდნენ და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისას.

შორენა აბესაძე - ნაგარევის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა პროექტში ჩართულია და ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატისთვისაც განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ. მე, როგორც სკოლის დირექტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ბავშვების აქტიურობით, მათი შედეგებით და მჯერა, სამომავლოდ ისინი აუცილებლად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.

იხილეთ ასევე: 

თერჯოლის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203