რამდენად რთულია სკოლებისთვის რეკომენდაციების შესრულება და გამოიწვია თუ არა ამან დამატებითი ფინანსური ხარჯი? - დირექტორების აზრი
01-10-2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა ყველა საჯარო თუ კერძო სკოლისთვის სავალდებულოა.

იმისთვის, რომ სკოლებს სწავლის განახლების საშუალება საკლასო ოთახებიდან შესძლებოდათ, რეკომენდაციების გათვალისწინებასთან ერთად, აუცილებელი იყო შესაბამისი მონიტორინგის გავლა.

etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად რთული იყო  მოთხოვნილი რეკომენდაციების შესრულება და გამოიწვია თუ არა სკოლებისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯი - გთავაზობთ დირექტორების კომენტარებს:

ყვარლის მუნიციპალიტეტის ჩანტლისყურის საჯარო სკოლის დირექტორი მაგამედ მაგამედალიევი:

რა თქმა უნდა, გვქონდა გარკვეული ფინანსური ხარჯი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამან სკოლას რაიმე დიდი თანხები გამოაკლო. რეკომენდაციების შესრულება იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც სასწავლო პროცესის დაწყების შემდგომ უკვე მათი დაცვა, ვინაიდან მაღალკლასელი მოსწავლეებისგან განსხვავებით დაწყებითის მოსწავლეებს უჭირთ ამ ყველაფერის გაგება, ავიწყდებათ, რომ რაღაც არ შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით წარმატებით ვართმევთ თავს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი:

გამოწვევას ძალიან კარგად ვუპასუხეთ, რეკომენდაციებიც სრულად გავითვალისწინეთ და მონიტორინგის შედეგად მაღალი შეფასებაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ფინანსური ხარჯი გვქონდა, მოთხოვნების შესაბამისად დამატებით შევიძინეთ ჰიგიენური საშუალებები.

სასწავლო პროცესი კლასებში თავიდანვე დავიწყეთ და სიმართლე გითხრათ, უშუალოდ გაკვეთილზე ეს წესები მარტივი დასაცავია, შესვენებებზე გვყავს გამოყოფილი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ მოსწავლეებში დისტანცია დაცული იყოს. ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ საჭირო წესები. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე:

რეკომენდაციები ზედმიწევნით შევასრულეთ, ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო. ამასთან სამინისტრომაც დაგვაფინანსა და არც ამ მხრივ შეგვქმნია პრობლემა. სწავლაც წარმატებით დავიწყეთ და ჯერჯერობით ასეც მივდივართ.

დამრიგებლები აქცევენ ყურადღებას მოსწავლეებს, ასევე გვყავს პასუხისმგებელი პირები, დერეფნებში გაკრულია ნიშნულები. ამასთან, თამაში შემოიღეს ბავშვებმა ვინ მოასწრებს დისტანციაზე დადგომას და რგოლებზე დგებიან შესვენების დროს.

ისიდორე რამიშვილის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი:

არც ისეთი რთული იყო, როგორც წარმოგვედგინა. რაც შეეხება ფინანსების დახარჯვას, სამინისტრომ სრულად მიაწოდა სკოლას ყველა საჭირო ინვენტარი მათ შორის პირბადეები, დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარები შესაბამისად ამ მხრივ ხარჯი არ გაგვიწევია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ჭალიძე:

ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, შესაბამისად, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიღებული გვქონდა შევასრულეთ. მცირე კონტიგენტი საშუალებას გვაძლევს, მარტივად იყოს სკოლაში დაცული დისტანციაც. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯს, ამ მხრივ დანახარჯი არ გვქონია, რადგან განათლების სამინისტრომ მთლიანად უზრუნველგვეყო ყველა საჭირო ინვენტარით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე:

ჩვენ მაღალმთიან სოფელში ვართ და რეკომენდაციების გათვალისწინება პრობლემა არ ყოფილა, მით უმეტეს დისტანციის დაცვა, ვინაიდან ძალიან ცოტა მოსწავლე გვყავს. ინვენტარი და საჭირო საშუალებები განათლების სამინისტრომ მოგვაწოდა და სკოლას ამ მხრივ ხარჯი არ ჰქონია.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ზანდუკის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და რეკომენდაციების შესრულება და განხორციელება არ გაგვჭირვებია ნამდვილად. განათლების სამინისტრო ძალიან დაგვეხმარა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დათო კუტივაძე:

რეკომენდაციების შესრულება არ გაგვჭირვებია. თავი საკმაოდ კარგად გავართვით, ფინანსურადაც დიდი ხარჯი არ გვქონია, რა თქმა უნდა დაგვჭირდა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში იყო ეს ხარჯიც.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ მეხეშიძე:

ადამიანისთვის რთული არაფერი არ არის, მთავარია მოინდომო. საუბარი ბავშვებზე და მომავალ თაობაზეა, შესაბამისად თუ დარწმუნებული არ ხარ არც უნდა გააკეთო. ფინანსური ხარჯი ისეთი არაფერი გვქონია. ძალიან დაგვეხმარა განათლების სამინისტრო, ყველა საჭირო ნივთი მოგვაწოდა თერმომეტრები, პირბადეები, სადეზინფექციო სითხეები, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხარჯი არ გვქონია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203