დღეიდან სკოლების ნაწილმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა. საუბარია თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის დაწყებით საფეხურისა და გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეებზე. აჭარაში კი სწავლა კვლავ დისტანციურად გრძელდება.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ სკოლებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„აუცილებელია რეგულაციების დაცვა. როგორც მე ვიცი, სკოლები მობილიზირებულები არიან და მზად არიან, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები. ასე რომ ვფიქრობ, სკოლებიდან ვირუსის მასიური გავრცელება არ უნდა იყოს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. ასეთი არაერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, სკოლაში ვირუსის დაფიქსირების შემდეგ, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამასთან, უცნობია როდის შეძლებენ საშუალო და საბაზო საფეხურის ის მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას, რომლებისთვისაც სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.