მაგისტრანტების საყურადღებოდ - „ნაეკში“ განაცხადის შეტანის ვადა 9 ოქტომბერს იწურება
01-10-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2020 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაწეროს განცხადება იმის თაობაზე, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. 
 
თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას, ცენტრში 9 ოქტომბრის ჩათვლით:

  • მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში ხდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მეტი თანხა განაწილდა. 
  • იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება პირველ რიგში შესრულდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე. 
თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა. შ. 

მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203