„ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში, ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება“ - მიხეილ ჩხენკელი
01-10-2020
ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 220-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა. 

განათლების მინისტრი ახალაშენებულ 220-ე საჯარო სკოლას საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ეწვია და პირველი დღე მოსწავლეებს პირადად მიულოცა. 

„მინდა მთელი გულით მივულოცო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და სკოლის გარემოში გააგრძელეს სწავლის პროცესი. სასწავლო პროცესისთვის სასკოლო გარემო არის ბუნებრივი გარემო. ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში, ცხრა ძმის ქუჩა N58-ში თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა. 350 მოსწავლეზე გათვლილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს თანამედროვე სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა. სკოლა აღჭურვილია უახლესი ავეჯითა და სასკოლო ინვენტარით - კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო დაფების, მერხებისა და სკამების კომპლექტით. 

ახალი სკოლის მშენებლობა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება  4 062 718 ლარია.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203