ახალციხის N5 სკოლამ მასწავლებელთა მსოფლიო დღე ორიგინალურად და ემოციურად აღნიშნა
13-10-2017
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მასწავლებელთა მსოფლიო დღეს აღნიშნავს. მთავარი მიზანი  მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და  მადლობის გადახდაა  საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

ხშირად გვსმენია ფრაზა: ''ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალ თაობაში უნდა ჩადო, რადგან მომავალი თაობის განათლება ქვეყნის უზრუნველყოფილი მომავლის ტოლფასია''. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც  დროს და ენერგიას არ იშურებენ და ზრუნავენ მომავალი თაობის აღზრდაზე. 

ახალციხის N5 სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა დირექციისა და ყველა კათედრის აქტიური ჩართულობით, საოცრად ორიგინალურად აღნიშნა პროფესიული დღე. მასწავლებლებმა არაჩვეულებრივი სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებით, საინტერესო და იუმორისტული მონოლოგებით უჩვეულო განწყობა შეუქმნეს საღამოს მონაწილე/მსმენელებს. საღამოს ხიბლი შესძინა პედაგოგთა მიერ იმ წერილების წაკითხვამ, რომლებიც მოსწავლეებმა მიუძღვნეს მათ და აგრეთვე თავისუფალმა თემებმა: ''მე რომ მასწავლებელი ვიყო''.

სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ცარო ლეკიშვილმა სრულიად საქართველოს მასწავლებლებს პროფესიული დღე საკუთარი ლექსით მიულოცა:

''არ დაგლოცო? ისე როგორ იქნება,
ნუღარ მეტყვი-ახლა აღარ მცალია,
მაგ შევერცხლილ თმების კორიანტელში
ერთი თეთრი-იქნებ ჩემი ბრალია.

როდის ნახავ ლამაზ სულში სიმშვიდეს,
მე უკვე დიდს-მენატრები ძალიან,
შენ მასწავლე სიბრძნე და სიყვარული,
კარგი რომ ვარ  ეს ხომ-შენი ბრალია.

შენ ხარ ჩემი ყრმობის გამომძერწავი,
თუმც ბავშვების აღზრდა შენი ვალია,
მაგრამ ბევრჯერ ღამე ძილი წაგართვი,
მაპატიე, იქნებ-ჩემი ბრალია.

სიომ წყნარად, ნაზად მოგიალერსა,
მზეს შევხედე-რა ლამაზი დარია,
ყველამ იცის შენი ამაგის ფასი,
თქვენ კი ფიქრობთ და შორს ხედავთ ძალიან.

მასწავლებლის დღეს გილოცავ ძვირფასო,
და მომავალ წლებს გისურვებ დარიანს,
საქართველოს გაბრწყინება იგვიანებს
თუ ვერ ვმძლავრობთ ეს ხომ-ჩემი ბრალია!

არ დაგლოცო? ისე როგორ იქნება,
ნუღარ მეტყვი-ახლა აღარ მცალია,
მაგ შევერცხლილ თმების კორიანტელში
ერთი თეთრი-იქნებ ჩემი ბრალია.''

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მასწავლებლის პროფესიული დღის სამახსოვროდ პადაგოგებს ქოთანში გამოყვანილი კოლხური ბზის ნერგები გადასცა საჩუქრად.
როგორც ცნობილია, კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხრიდან ეს საჩუქარი/აქცია კოლხური ბზის გადარჩენაზე ერთობლივი ზრუნვის მოწოდებაა.

ახალციხის N5 სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას უხდის ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს საჩუქრისათვის და წარმატებებს უსურვებს!

ამავე დღის საღამოს ახალციხის ციხის კულტურული ღონისძიებების ცენტრში, ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ, მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ საღამოზე, ღვაწლმოსილი, დამსახურებული და სკოლების მოქმედი პედაგოგები მიიწვია. ისინი ფასიანი საჩუქრებითა და სამადლობელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ქალაქის სკოლების, მათ შორის ახალციხის N5 სკოლის პედაგოგები, საინტერესო ნომრებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე.

საღამომ ემოციურად ჩაიარა. ჩვენი სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდ მადლობას ვუხდით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ამ შესანიშნავი დღის გალამაზებისათვის.

ასე ლამაზად, თანმიმდევრულად და შინაარსიანად განვითარდა მოვლენები პროფესიულ დღესასწაულზე ჩვენს სკოლაში.

ახალციხის N5 სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში!

ავტორი: ახალციხის N5 სკოლის ფიზიკის უფროსი მასწავლებელი მაია თათეშვილი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203