ვინ გადაწყვეტს სკოლის დახურვას კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ - ამირან გამყრელიძე სამოქმედო გეგმაზე
02-10-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები მოსალოდნელია და ფაქტის დაფიქსირების შემდეგი სამოქმედო გეგმა სკოლის ადმინისტრაციამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს.
„სწავლა გუშინ დაიწყო, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მივიდნენ სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოგეხსენებათ, განათლების გარეშე არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული ის წესები და ის პროტოკოლები, რაც შემუშავებულია. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იყოს ინფიცირების შემთხვევა, ამაზე იყო დღეს საუბარი, შესაბამისად, ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იყოს სკოლის დახურვა, სართულის დახურვა თუ კლასის დახურვა, ეს უნდა იყოს მიღებული სკოლის ხელმძღვანელობისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი განხილვის საფუძველზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.