მასწავლებელთა გამოცდები შემოდგომაზე არ ჩატარდება და მისი გადატანა 2021 წლისთვის იგეგმება - აღნიშნულ კულუარულ ინფორმაციას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ავრცელებს.
განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4700-მდე მასწავლებელი ელოდება პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას. ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში შესული ცვლილებების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე ჰქონდა უფლება აემაღლებინა მასწავლებლის სტატუსი, 2020 წლის შემოდგომაზე. მასწავლებელთა ინტერესების და პროფესიული უფლებების გათვალისწინებით მიღებული ამ გადაწყვეტილების შესრულება ჭიანურდება, რის გამოც სისტემაში მოქმედი, უკვე სტატუსშეწყვეტილი 4700-მდე მასწავლებელი მოლოდინის რეჟიმშია.
ისინი ზარალდებიან ფსიქოლოგიურად და მატერიალურად, ალბათ, რაც მთავარია კარგავენ ნდობას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მთლიანად რეფორმის მიმართ. სამინისტროს ყველა დონის გადაწყვეტილების მიმღებებთან ჩვენი არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ შევძელით გაგვერკვია გამოცდების ჩატარების კონკრეტული თარიღი. დაპირება იყო გამოცდები ჩატარდებოდა ტრადიციულად ზაფხულში, რომელიც არ ჩატარდა და გადატანილი იქნა შემოდგომაზე. კულუარული ინფორმაციებით ცნობილი გახდა, რომ გამოცდები არ ჩატარდება არც შემოდგომაზე. იგეგმება მისი გადატანა 2021 წლისთვის. ყოველივე ამის მიზეზია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია, რომელმაც ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადატანა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ვერ ასწრებდა პრაქტიკოსი პედაგოგების გამოცდების ჩატარებას, ეროვნული და მასწავლებლობის მაძიებლების გამოცდების პარალელურად. გაურკვეველი მოტივით, მანვე განაცხადა უარი შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდების ჩატარებაზე.
მივმართავთ ქალბატონ სოფიო გორგოძეს, გამოცდების მომლოდინე 4700-მდე პედაგოგს და მთლიანად საზოგადოებას განგვიმარტოს:
1. რა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული ზაფხულში დაგეგმილი გამოცდების გადადება შემოდგომისათვის და შემოდგომაზე დაგეგმილი გამოცდების – 2021 წლისათვის, მაშინ როდესაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის არსებობისა და რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, მასწავლებელთა გამოცდები ტარდებოდა ყოველთვის დაგეგმილ დროს – ზაფხულში, მაგალითისთვის, 2016-2017 წლებში მასწავლებელთა გამოცდები ჩატარდა ორჯერ, ზაფხულშიც და ზამთრის პერიოდშიც. ამ ყველაფრის მიზეზად კორონავირუსის დასახელება მიუღებელია.
2. საინტერესოა, აქვს თუ არა გააზრებული გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს, გამოცდების გადატანით, რა დისკომფორტს უქმნის გამოცდების მომლოდინე მასწავლებლებს და საერთოდ პედაგოგიურ კოლექტივებს;
3. იცის თუ არა, ქალბატონმა სოფიო გორგოძემ, რომ ზაფხულის გამოცდების გადადების გამო, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 4700-მდე პედაგოგს შეუჩერდა სტატუსი და ისინი, დღეს, დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე აგრძელებენ მუშაობას. მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ უხეშად დაარღვია პედაგოგთა პროფესიული და შრომითი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ კარიერული წინსვლისა და მატერიალური პირობების გაუმჯობესების შეფერხებაზე.
დაგეგმილ დროს – ზაფხულში რომ ჩატარებულიყო გამოცდები, წარმატებული შედეგების მქონე მასწავლებლები მიიღებდნენ უფროსის სტატუსს და სტატუსის დანამატს, 470 ლარის ოდენობით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი სოფიო გორგოძე იგნორირებას უკეთებს პედაგოგთა ინტერესებს. მსოფლიო პანდემიის პირობებში, გამოცდებზე გასვლის მსურველ პრაქტიკოს მასწავლებელთა ნაწილმა, სხვადასხვა ტექნიკური და ობიექტური მიზეზებით, ვერ გაიარა ონლაინ რეგისტრაცია, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, კარანტინის პერიოდში. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზაობა მასწავლებელთა გამოცდებზე დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაშიც, დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადების წინააღმდეგი წავიდა ქალბატონი სოფიო გორგოძე. შედეგად, 1570 მასწავლებელთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მასწავლებლის დეფიციტია.
ჩვენთვის გაუგებარია განათლების სამინისტროს ხელმძღვანელების პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვთ პედაგოგთა სასარგებლოდ, მათი მხარდამჭერი გადაწყვეტილებები, კერძოდ, შეტანილია ცვლილებები სქემაში პრაქტიკოსი მასწავლებლებისათავის დამატებითი ვადების განსაზღვრის თაობაზე, რატომ ეთანხმება, უკრიტიკოდ და პრობლემის შესწავლის გარეშე, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას, რითაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ზარალდებიან სკოლები და მასწავლებლები.
იმედს გამოვთქვამთ, ქალბატონი სოფიო გორგოძე და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელები გააკეთებენ სათანადო განმარტებებს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, თუ არ დადასტურდება კულუარული ინფორმაცია შემოდგომის გამოცდების გადადების შესახებ და თუ დაინიშნება გამოცდები შემოდგომაზე, მაშინ, მზად ვარ საჯაროდ მოვიხადო ბოდიში პედაგოგთა ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადების საპასუხოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა etaloni.ge-ს განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია მართალი არ არის და გამოცდების ჩასატარებლად შემოდგომით ემზადებიან.
„ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდების მოსმენა მოულოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც თავად უნდა იყოს მასწავლებლებისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის წყარო“, - აცხადებს ცენტრი.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდას „ნაეკი“ ნოემბერში გეგმავს - გამოცდების ცენტრი პედაგოგთა პროფკავშირებს პასუხობს