სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” მოწამვლის სიმპტომებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს, - აღნიშნულის შესახებ „იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას 16 პაციენტი გადის.
„შაბათ-კვირას კლინიკას 48-მა პაციენტმა მომართა, აქედან 32 პაციენტი კვირას შემოვიდა კლინიკაში. 16 პაციენტი მოთავსდა პედიატრიულ განყოფილებაში ბაქტერიული გასტროენტერიტით. იგივე დიაგნოზით და გულისრევა-პირღებინებით, 23 პაციენტს აღმოვუჩინეთ დახმარება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და უკვე გაეწერნენ ბინაზე.
ამ დროისთვის სტაციონარში რჩება 16 პაციენტი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.
ამ ტიპის მოწამვლა შეიძლება იყოს საკვებთან ან წყალთან დაკავშირებული, თუმცა, დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური სიმპტომები აქვთ მოზარდთა მშობლებსაც, რომლებმაც, როგორც ვიცი, შესაბამის კლინიკებს უკვე მიმართეს”, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.
„იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში მიმართვიანობა მოიმატებს, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი პაციენტების მისაღებად.
როგორც ცნობილია, კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით შეყვანილი ყველა არასრულწლოვანი კომბინატის დასახლების ტერიტორიის მაცხოვრებელია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სავარაუდო მოწამვლის მიზეზი.