თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ძევრის საჯარო სკოლა განსაკუთრებულად მოემზადა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ პირველი ტურისთვის. ღია სივრცეში მოწყობილი საკონკურსო გარემო, თითოეული მონაწილის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვა და მაღალი ჩართულობა, ბუნებრივია, etaloni.ge-ს ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა და რამდენიმე კითხვით სკოლის დირექტორს, მანუჩარ ფანჩულიძეს მივმართეთ, რომელმაც საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ „ეტალონის“ ჩემპიონატი სწორედ ასეთ მაღალორგანიზებულობას იმსახურებს და სხვაგვარად ამ კონკურსის ჩატარება, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, ვერც წარმოუდგენია.
- ბატონო მანუჩარ, ჯერ იმაზე ვისაუბროთ - როგორ შეხვდა თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს?
- მთელი ზაფხულის განმავლობაში ძევრის საჯარო სკოლაში აქტიური სამუშაოები მიდიოდა, შეიძლება ითქვას - ბობოქარი ზაფხული გვქონდა, ბავშვებს ვასწავლეთ თემორსკრინინგის ჩატარება, ფსიქოლოგიურად ვამზადებდით იმ ყველაფრისთვის, რაც უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, ვუხსნიდით, რატომაა აუცილებელი დეზობარიერი, ხელების დეზინფექცია...
- სკოლა რამდენადაა აღჭურვილი საჭირო ინვენტარით?
- აბსოლუტურად ყველაფრით ვართ აღჭურვილები, ჩვენ სკოლას არაფერი აკლია და ყველა წესის, არსებული რეკომენდაციის გათვალისწინებით წარვმართავთ სასწავლო პროცესს. თამამად შემიძლია განვაცხადო - ჩვენთან აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოა და „ეტალონის“ გუნდსაც მთელი გულით გეპატიჟებით.
- ბატონო მანუჩარ, პრაქტიკაში რამდენად რთულია არსებული რეკომენდაციების შესრულება?
- სწავლის დაწყებამდე არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ, ბავშვებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში, ჩვენ სკოლაში ყველა საკითხი მაღალორგანიზებულია და არც უსაფრთხოების ზომების დაცვა გაგვჭირვებია. წარმოიდგინეთ, ერთი დისპენსერიც კი არ არის დაზიანებული, ბავშვებმა ზუსტად იციან, რომ უნდა გაფრთხილდნენ საკუთარ თავსაც, გარშემომყოფებსაც და იმასაც კარგად აცნობიერებენ, რომ ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის კეთდება.
- მასწავლებლებს არ უჭირთ პირბადით გაკვეთილის ახსნა?
- მასწავლებლებსაც გააზრებული აქვთ ეს პასუხისმგებლობა - პირბადის გარეშე სკოლაში არ შემოდიან, რადგან იციან, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ვირუსის პოტენციური გადამტანები და როდესაც საქმე მომავალ თაობებთან გაქვს, რა თქმა უნდა ფრთხილობ. ამიტომ ვამბობ - ძევრის საჯარო სკოლაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული და ასევე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, თუ ასევე მოიქცევა ყველა საჯარო სკოლა, ვერსად შეაღწევს ეს ვერაგი დაავადება, ოღონდ ამას სჭირდება მშობლის, მასწავლებლისა და მოსწავლის მაღალი პასუხისმგებლობა.
- როგორი მაღალი პასუხისმგებლობითაც „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩაატარეთ, არა?
- ძევრის საჯარო სკოლა უამრავ აქტივობას ახორციელებს, სადაც საჭიროა სწორედ ასეთი მაღალი ორგანიზებულობა; ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს, ოღონდ მათ შორის, ნომერი პირველი „ეტალონია“, რომელიც ასევე საოცარ საქმეს - მომავალი თაობების განათლებას ემსახურება ჩვენ ქვეყანაში; აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ისეთ ღონისძიებას, როგორსაც „ეტალონი“ ატარებს, ვინმე ნაკლები პასუხისმგებლობით მოეკიდოს. „ეტალონი“ - ესაა ბავშვებსა და მათ ცოდნაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც მოზარდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს და მიუხედავად იმისა, წელს საკმაოდ მაღალი ჩართულობა გვქონდა, გაისად ვიმედოვნებ,ინტელექტ-ჩემპიონატში ძევრის საჯარო სკოლა მაქსიმალური შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
- ღია სივრცეში კონკურსის ჩატარება რთული ხომ არ იყო?
- არა, პირიქით, უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული და ამინდმაც ხელი შეგვიწყო - ეტალონი ამინდი იყო, „ეტალონის“ ეტალონი ბავშვებისთვის.
- ბატონო მანუჩარ, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროექტების არსებობა, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში?
- არაფორმალური განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი თაობების განვითარებისთვის. განათლებას მხოლოდ კონკრეტული საგნის ცოდნა ვერ განაპირობებს და ეს „ეტალონმა“ არაერთხელ დაამტკიცა. მე კი მოხარული ვარ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, „ეტალონის“ გუნდმა შეძლო - არ დარღვეულიყო ტრადიცია, ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველას ერთად, უამრავი წარმატება გველის.