12 ოქტომბერს საბავშვო ბაღები იხსნება. მშობლები უკვე ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ბავშვების ბაღში მიყვანა და გამოყვანა, რისი მიტანა შეუძლიათ აღსაზრდელებს და რა შეზღუდვებია.
ბაღში დასაცავ წესებზე ვრცლად etaloni.ge-სთან ერთ-ერთი მშობელი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის თმის შეკვრის რეკომენდაცია მათაც მიიღეს, ასევე, არ შეუძლიათ სათამაშოების, წყლის ბოთლის ან სხვა პირადი ნივთების მიტანა. როგორც მშობელი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ბაღის წარმომადგენლებმა დეტალურად აუხსნეს ყველა ახალი წესი და რეკომენდაცია, მათ მაინც არ ჯერათ, რომ სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს დაიწყება.
„ბაღში გვითხრეს, რომ ბავშვების მიყვანა 9-დან 10-მდე და წინასწარ უნდა შეატყობინო შენი დრო აღმზრდელს, რომ არ შეჯგუფდნენ. ასევე წაყვანისას 10 წუთით ადრე უნდა დაურეკო, რომ ჩააცვან და ქვემოთ ჩამოიყვანონ.
ასევე გვითხრეს, რომ რეკომენდაცია აქვთ ბავშვები გარეთ ჰყავდეთ, თუ რა თქმა უნდა, ქარი ან წვიმა არ არის. გარეთ ყოფნის შემთხვევაშიც ბავშვებს ჯგუფებად დაყოფენ რომ არ შეერიონ და ყველა ჯგუფს თავისი სივრცე ექნება.
რაც შეეხება ბავშვების პირად ნივთებს, სახლიდან სასურველია მიიტანო ფეხსაცმელი (ე.წ. ჩუსტი) და გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მაგრამ ადრე თუ ამ ყველაფრის წაღება და წამოღება შეიძლებოდა ახლა ასე აღარ იქნება. შეტანილ ტანსაცმელს დეზინფექცია ჩაუტარდება და ბაღში დარჩება
თმა ამათაც უნდა ჰქონდეთ შეკრული და აკრძალულია სამკაულები და სახლიდან ნებისმიერი სათამაშოს ან ნივთის მიტანა. ასევე არ შეიძლება, წყლის ბოთლების სახლიდან წაღება და ერთჯერადი ჭიქებით იქნება წყალი. საუბარია, იმაზე რომ შეიძლება, ბავშვებს შესაბამისი ქუდების ტარებაც მოუწიოთ, მაგრამ ამაზე ველოდებით ჯერ კონკრეტულ პასუხი.
როგორც გვითხრეს, აღმზრდელებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე და მაქსიმალურად იზღუდება მშობლებთან მათი კონტაქტი ანუ თუ რამე უნდა/გინდა ტელეფონით უნდა ეკონტაქტო.
პირად ჩანთებს რომ ურიგებდნენ აღსაზრდელებს ხომ გახსოვთ, ისინი უკვე აქვთ ბაღებს და ბაღში მისვლამდე მექნება მეც. ამასთან, ბავშვის ფოტოს ითხოვენ, რომელსაც ჩანთაზე დაამაგრებენ, რომ აღმზრდელსაც და ბავშვსაც არ აერიოს სხვის ჩანთაში. ფოტოს მიტანა სავალდებულოა“, - გვითხრა აღსაზრდელის მშობელმა.
მშობელი სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში სამოქმედო გეგმასაც გვინმარტავს: „თუ სიცხე დაუფიქსირდა მაშინ დასვამენ ცალკე ოთახში და რამდენჯერმე გაუზომავენ. 15 თუ 20 წუთია გამოყოფილი, მაგრამ ჩვენ გონივრულ ვადაში დაველოდებით მშობელსო და უნდა მიხვიდე, თორემ რეკავენ 112-ში და გადაჰყავთ ცხელების ცენტრში. ამასთან, გაცდენის შემთხვევაში ცნობა უნდა წარადგინო ბაღში, რომ ბავშვი ჯანმრთელია .
თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის არავის სჯერა, რომ 12-ში დაიწყება სააღმზრდელო პროცესი, მათ შორის არც ბაღის წარმომადგენლებს“, - აღნიშნავს აღსაზრდელის მშობელი.
სააღმზრდელო პროცესის განახლების შესახებ საუბრობს ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძეც და მშობლის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფრომაციასთან თითქმის სრულ თანხვედრაშია. როგორც გვანცელაძე აღნიშნავს, აღსაზრდელების მისაღებად ყველა ბაღი მზად არის, გადამზადებულნი არიან აღმზრდელები და მკაცრად არის გაწერილი ბავშვის ბაღში მიყვანის და წამოყვანის წესები.
„რეგულაციებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ბაღებში. ეს შეეხება, როგორც ინფრასტრუქტურულ საკითხს, ასევე მეთოდოლოგიურ საკითხს. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი ბაღის შენობაში ვეღარ შევლენ. მათ გარეთ დახვდებათ აღმზრდელი ან აღმზრდელის თანაშემწე სპეციალური ეკიპირებით, გამოართმევს ბავშვს, შემდეგ ბავშვი გაივლის თერმოსკრინინგს და შემდგომ უკვე შეჰყავთ ოთახში. გაწერილია დრო, კონკრეტულმა მშობელმა ბავშვი რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბაღში და ანალოგიურად ხდება გაყვანაც, თუმცა თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა და მშობლებს სურთ, რომ ბავშვი ბაღიდან ადრე გაიყვანონ, ძალიან მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად შეზღუდონ და ასეთი შემთხვევის არსებობის შემთხვევაში ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით აღმზრდელს 10 წუთით ადრე უნდა შეატყობინოს“, - განაცხადა გვანცელაძემ.
სააგენტოს ხელმძღვანელიც განმარტავს, რა ხდება თუ ბავშვს ტემპერატურა აღმოაჩნდა:
„იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღმოაჩნდა ტემპერატურა, გადაგვყავს ექთანთან დასაყოვნებელ ოთახში, ვუკავშირდებით მშობელს და გონივრულ ვადაში ვთხოვთ, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. თუ მშობელი ვერ მივა ბაღში გონივრულ ვადაში, საქმეში 112 ერთვება“.