კორონავირუსი კიდევ ორ სკოლაში დადასტურდა - ინფიცირებულები არიან მოსწავლეები
08-10-2020

კორონავირუსი კიდევ ორ სკოლაში გამოვლინდა. ინფექცია თბილისის 52-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს და „ოპიზას“ დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდათ. ინფექციის დადასტურების მიუხედავად, არც ერთი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე არ გადასულა.

როგორც თბილისის 52-ე სკოლის დირექტორი ნანი გიორგაძე განმარტავს, მოსწავლის დაინფიცირების წყაროდ სახელდება მისი ძმა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს და რომელსაც „კოვიდ-19“ კვირას გამოუვლინდა. სწორედ ამ შემთხვევის გამო მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია. 

გიორგაძის განმარტებით, ეპიდემიოლოგები სკოლის სხვა მოსწავლეების, მათ შორის ინფიცირებულის კლასელების დავირუსების საფრთხეს მინიმალურად აფასებენ, რის გამოც სკოლაში სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა.

რაც შეეხება სკოლა „ოპიზას“, მისი დირექტორის შავლეგ ურუშაძის განმარტებით, მომხდარი ფაქტის გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზე დაინფიცირებული მოსწავლის კლასი და მის გვერდით არსებული სხვა კლასი გადავიდა.

„ეს კლასი გადასულია ონლაინ სწავლებაზე და კიდევ მეექვსე კლასი. რეალურად, ამის ვალდებულება არ გვქონდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საკლასო ოთახები ერთმანეთთან ახლოს იყო, მშობლებმა გვთხოვეს, ეს კლასიც სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასულიყო“ , -აღნიშნავს შავლეგ ურუშაძე.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, ინფიცირებულ მოსწავლეს თანაკლასელებთან პირდაპირი, უშუალო კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა, შესაძლოა, მშობლებმა თავიანთი სურვილით ბავშვებს მაინც ჩაუტარონ ვირუსზე ტესტირება.

„შესაძლოა, მშობლებმა თავიანთი ნებით ჩაუტარეს ბავშვებს ტესტირება. ჯერჯერობით კონკრეტული მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, ალბათ, მშობლები ჩაუტარებდნენ, რადგან ბუნებრივია, შეშინებულები იქნებოდნენ“, - აცხადებს ურუშაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203