შინაგან საქმეთა სამინისტროში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტში დასაქმებულ პირებს კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე ტესტირება შემთხვევითი შერჩევით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ჩაუტარდებათ.
აღნიშნულის შესახებ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975-ე განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი.
„კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირებს განეკუთვნებიან: სტრატეგიული დანიშნულების ორგანიზაციებსა და სამსახურებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა) დასაქმებული რანდომულად შერჩეული პირები, რომლებსაც ტესტირება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოოგიით ჩაუტარდებათ,“- ნათქვამია განკარგულებაში.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975-ე განკარგულებით, ცვლილებების შეტანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებული პირები ექვემდებარებოდნენ ტესტირებას გეგმურად 14 დღეში ერთხელ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, ამ დრომდე სავალდებულო ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ.