„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ - ამ წარწერით დახვდა „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ხაიშის საჯარო სკოლა... წითელი ხალიჩით, ბუშტებით და როგორც პანდემიურ რეალობას შეეფერება - სადეზინფექციო ხსნარებით... ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რეალურად კი, „ეტალონის“ გუნდსაც და მასპინძლებსაც ერთი ამოცანა ჰქონდათ - ისე ჩაეტარებინათ ღონისძიება, მაქსიმალურად უზრუნველეყოთ უსაფრთხოება და რაც მთავარია - არ დარღვეულიყო საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარების მრავალწლიანი ტრადიცია.
დღეს თამამად ვიტყვით - ჩვენ ეს შევძელით, ღონისძიების უცვლელ წამყვანთან - გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, საუკეთესოთა შორის საუკეთესოებიც გამოვავლინეთ და კიდევ ერთხელ დავულოცეთ კონკურსანტებს გზა, ცხოვრების ახალ ეტაპზე... დანარჩენ მნიშვნელოვან დეტალებზე კი, აჯობებს, იმ ადამიანებმა ისაუბრონ, ვინც პროექტთან მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგაც მიიჩნევს, რომ წარმატებული და განათლებული მომავლის ერთ-ერთი გასაღები სწორედ „ეტალონია“.
ვაჟა სულხანიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:
საერთოდ, მიმაჩნია, რომ „ეტალონისნაირი“ ეროვნული პროექტი მეორე არ არსებობს საქართველოში, რომელიც უკვე 16 წელია პოპულარობას არ კარგავს; ასაკის მიუხედავად, ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, მის შესახებ ყველამ იცის და აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო - „ეტალონს“ შეუძლია ყველა სეგმენტში, ნებისმიერი ადამიანის ჩართვა გამოიწვიოს. ესაა განათლებაზე ორიენტირებული, ეროვნული პროექტი და სწორედ „ეტალონი“ გახდა ერთგვარი „მაპროვოცირებელი“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას სხვადასხვა პროექტში ჩართული კონკურსანტები წაგვეხალისებინა, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის უკეთ რეალიზება.
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისთვის განათლება პრიორიტეტულია, პირადად კი ჩართული ვარ „ეტალონის“ ღონისძიებებში და მეც პატარა ბავშვივით მახარებს ჩვენი მოსწავლეების წარმატება.
ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ყველას მეგობარია, ჰყავს საოცარი გუნდი და მომავალშიც, აუცილებლად გავაგრძელებთ „ეტალონთან“ მეგობრობას. მნიშვნელობა არ აქვს, ამ თანამდებობაზე ვიქნები თუ არა, ერთი გულშემატკივარი, დიდი გულით, ყოველთვის ეყოლება „ეტალონს“.
ზურაბ აზარიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
მოხარულები ვართ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, „ეტალონის“ ღონისძიება ჩატარდა და რაც მთავარია, ზედმიწევნით იყო დაცული არსებული რეგულაციები. პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ მოსწავლეთა ჩართულობით, მათი შედეგებით და დარწმუნებული ვარ, წინ ერთად უამრავი წარმატება გველის.
მანანა კვიციანი, ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი:
როდესაც შევიტყვეთ, „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიება ჩვენთან უნდა ჩატარებულიყო, ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ამავე დროს, ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა. აქედან მოყოლებული, დავიწყეთ ზრუნვა იმისთვის, რომ ღირსეული მასპინძლობა გაგვეწია „ეტალონისთვის“.
პირველ რიგში, იყო უსაფრთხოება, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე - უნდა მოსულიყო სამ-სამი მოსწავლე 28 სკოლიდან და წარმოიდგინეთ, კედლებიც კი დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
შემდეგ, დარბაზი მოვრთეთ დროშებით, გავაკეთეთ ბანერი, რომელიც ჩვენი სკოლის მასწავლებელმა მოხატა, იყო ბუშტები, წითელი ხალიჩა... რა გითხრათ, მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველასთვის და განსაკუთრებით, კონკურსანტებისთვის შეგვექმნა პოზიტიური განწყობა.
რაც შეეხება თვითონ პროექტს, „ეტალონი“ მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებისთვის აუცილებელი, თამამად ვიტყვი - ზოგადსაკაცობრიო პროექტია და ჩემი სკოლის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მომეცა საშუალება, ამ პროექტის ხიბლი გამომეცადა; მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ჩვენი რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს პირველი რომ შეეგება „ეტალონს.“
„თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი კი ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ჟანა გოგიაშვილი გახდა რომელმაც საკუთარი სიხარული გაგვიზიარა:
ჩემპიონატში მონაწილეობა მესამედ მივიღე, თუმცა ამჯერად, პირველი ადგილი ჩემთვის მართლაც დიდი მოულოდნელობა იყო. ზოგადად, ძალიან მიყვარს ეს პროექტი, რომელიც სტიმულს გვაძლევს, მეტი ცოდნა დავაგროვოთ და მომავალში გამოვიყენოთ.
მეორე ადგილი ამავე სკოლის მოსწავლემ და ჟანას ძმამ - სესე გოგიაშვილმა დაიკავა, რომელმაც, etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, პირველობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა, რადგან გამარჯვება მისმა დამ მოიპოვა, ამ ფაქტით ძალიან გახარებულია:
გამიხარდა მეორე ადგილზე გასვლა, თუმც არ დაგიმალავთ - პირველობისთვის ვიბრძოდი. რას ვიზამთ, ჩემმა დამ „მაჯობა“, ეს ხუმრობით, ისე კი მოხარული ვარ, კონკურსში რომ მივიღე მონაწილეობა და ჩვენი მშობლებიც ძალიან ამაყობენ - I-II ადგილებზე მე და ჩემი და რომ გავედით.
ნანი გორდეზიანი, ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ „ეტალონის“ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე I-II ადგილები აიღო და მე, როგორც სკოლის დირექტორი, უდავოდ მეამაყება მათი ეს წარმატება; მით უმეტეს, რომ და-ძმაზე ვსაუბრობ. ეს ბავშვები ჩვენ სკოლაში სხვა სოფლიდან დადიან, ჟანა შარშან გადმოვიდა, მისი ძმა - წელს... კარგი ბავშვები არიან, მოწესრიგებულები, მოტივირებულები და ნამდვილად საამაყოა მათი გამარჯვება. სიმართლე გითხრათ, პირადად არ მიყვარს ყურადღების ცენტრში და წინა რიგებში დგომა, თუმცა ჩემი მოსწავლეების წარმატებები ყოველთვის მაბედნიერებს. სხვათა შორის, შარშან ჟანამ ქვემო ქართლის გუბერნიაში ჩატარებულ ისტორიის ურთულეს კონკურსშიც გაიმარჯვა.
მესამეადგილოსანი გოლთეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გაზდელიანი გახლავთ, რომელიც ასე ვთქვათ, ერთგული ეტალონელია, ინტელექტ-ჩემპიონატში უკვე მესამედ მონაწილეობს და მიუხედავად იმისა, საკუთარ თავს უფრო რთული ამოცანა - ჩემპიონატის პირველობა დაუსახა, საპრიზო, მესამე ადგილით მაინც კმაყოფილია და დანამდვილებით იცის, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა უამრავ წარმატებას უქადის ცხოვრების გზაზე:
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა მესამედ მივიღე და მართლაც, ძალიან გამიხარდა საპრიზო ადგილზე გასვლა, თუმცა არ დაგიმალავთ - უკეთესის მოლოდინი მქონდა და მეტიც შემეძლო. პროექტი ძალიან მომწონს და ის მომავალი თაობების განათლებას ემსახურება.
შორენა ქურასბედიანი, გოლთეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
სამწუხაროდ, მე ვერ დავესწარი ღონისძიებას, თუმცა ვიცი, რომ არაჩვეულებრივად ჩატარდა და რა თქმა უნდა, მეამაყება - ჩემი სკოლის მოსწავლე, ნინო გორდეზიანი საპრიზო ადგილზე რომ გავიდა. ჩვენი სკოლა „ეტალონში“ ყოველთვის მონაწილეობს და თამამად შემიძლია თქმა, რომ ეს მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს.
დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები