პედაგოგებს, რომელთაგან ერთი ორსულია, კორონავირუსი დაუდასტურდა - კიდევ ორი სკოლა სწავლებას დისტანციურად გააგრძელებს
14-10-2020
კორონავირუსი თბილისის კიდევ ორ სკოლაში დადასტურდა. ესენია თბილისის კლასიკური გიმნაზია და თბილისის 173-ე სკოლა. ორივე მათგანში ვირუსი პედაგოგს დაუდგინდა.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 21 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გადადის.
„ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო და პედაგოგებო!
მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სკოლის პედაგოგს, დაუდასტურდა კოვიდ 19.
პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე.
პირადად მე არ მქონია შეხება პედაგოგთან!“, - მიმართავს მშობლებს სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე.
თბილისის 173-ე სკოლაში კი დისტანციური სწავლების რეჟიმი ხვალიდან 12 დღის განმავლობაში, გაგრძელდება.
„კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენი სკოლის პედაგოგს, ორსულადაა და უკვე მკურნალობს. რეკომენდაცია იყო კონტაქტში მყოფი პირები გარკვეული ვადით უნდა გადაგვეყვანა თვითიზოლაციაში. პედაგოგებს ბევრს ჰქონდა მასთან კონტაქტი, სწორედ ამიტომ 12 დღით გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, სრულად მთელი სკოლა“, - განაცხადა ლია თუშურმა.