დეზობარიერები, პირბადეები, დისპენსერები, თერმომეტრები და სადეზინფექციო საშუალებები - ამ ყველაფრის შეძენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 4 720 048 ლარი დაუჯდა.
კორონავისრუსის პანდემიის გამო, რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ატრიბუტების შესასყიდად საჭირო დეტალური ხარჯები etaloni.ge-მ საჯარო ინფორმაციით გამოითხოვა. როგორც განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, საჭირო ნივთები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შეიძინა. მათი რაოდენობები და დახარჯული თანხები, ასე გამოიყურება:
„სააგენტოს მიერ შესყიდული ზემოაღნიშნული სადეზინფექციო საშუალებები, 2020 წლის 14 სექტემბერს უკვე მიწოდებული იყო საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის და ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის. გამონაკლისს წარმოადგენს, მხოლოდ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც რიგდება 3 ეტაპად, პირველ ეტაპზე 80 100 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება საჯარო სკოლებს და რესურსცენტრებს დაურიგდათ 2020 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, სამივე ეტაპის დარიგება კი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 01 ნოემბრისა.
ასევე გაცნობებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისათვის სკოლებისთვის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ინვენტარის შესაძენად დახარჯულია 4 720 048.92 ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის 3 სექტემბრის N1683 განკარგულების თანახმად, რომელიც ეხება ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების - ,,56 17 – StopCoV ფონდი“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის პროგრამის „საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარება“ ფარგლებში თანხის გამოყოფას ზოგიერთი საჯარო სკოლის მიერ საჭირო რაოდენობის რეცხვის, ქიმწმენდისა და სანიტარული საგნების შეძენის მიზნით დაფინანსებულია საჯარო სკოლები ჯამურად 791 449.87 ლარით“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლები საჭირო საშუალებებით მომარაგებულია, კორონავირუსის ფაქტები გამო, ყოველდღიურად სკოლების გარკვეული რაოდენობა დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ვირუსის მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარის გარდა სასწავლო პროცესი სკოლებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 19 ოქტომბრიდან კი როგორც დაგეგმილი იყო სააუდიტორიო მეცადინეობები უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყება. თუმცა უცნობია, როდის დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს VII-XII კლასის მოსწავლეები.