თბილისში საბავშვო ბაღების გახსნიდან მე-4 დღეს 14 ბაღი დაიხურა - აღნიშნულის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსი ბაღების 12 თანამშრომელს და 2 აღსაზრდელს აქვს დაფიქსირებული.
„14 ბაღში უკვე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა. მათ შორის 12 თანამშრომელია და 2 ბავშვი. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმალურ კონტროლზე გვყავს აყვანილი ბაღებში უსაფრთხოების ზომები. ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მიღებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
მინდა გითხრათ, რომ დასწრება ნაკლებია, თუმცა მშობლებს ჩვეულებრივ დაჰყავთ ბავშვები ბაღებში.
ამ ეტაპზე დახურულია შემდეგი ბაღები: 36-ე, 99-ე, 89-ე, 53-ე, მე-4, 29-ე, 153-ე, 35-ე, 16-ე, 21-ე, 72-ე, 93-ე, 190-ე და ბაგა-ბაღი „ხუთკუნჭულა“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, ბაღი კორონავირუსის პირველივე შემთხვევის შემდეგ იხურება.
„ჩვენი გეგმა არის მსგავსი, როცა თანამშრომელს ან აღსაზრდელს უფიქსირდება ინფექცია ვუკავშირდებით 112-ს და ბაღი იხურება. ბაღში ერთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაშიც იხურება. ეს არის ჩვენი გაიდლაინი და ამას ჩვენ განვიხილავთ ეპიდემიოლოგებთან ერთად“, - აღნიშნა გვანცელაძემ.