''ჩვენი მიზანი ბავშვების სკოლიდან უსაფრთხოდ გაყვანა იყო'' - რა მდგომარეობაა ქუთაისის N32 სკოლაში მოვარდნილი ნიაღვრის შემდეგ
18-10-2017
16 ოქტომბერს, ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა ქუთაისის N32 სკოლის ეზო დატბორა. სამაშველო სამსახურისა და სკოლის პერსონალის დროული და ორგანიზებული მოქმედების შედეგად, მოსწავლეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა. 

რა მდგომარეობაა ამჟამად სკოლაში, ამასთან დაკავშირებით Etaloni.ge ქუთაისის N32 სკოლის დირექტორს, ჯეირან კოღუაშვილს დაუკავშირდა:


''16 ოქტომბერს, პირველი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, მოულოდნელად მოვარდნილმა ნიაღვარმა ჩვენი სკოლის ეზო მთლიანად დატბორა. დროულად მოვახდინეთ რეაგირება, გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური, მშობლები საქმის კურსში ჩავაყენეთ. აღსანიშნავია, რომ სამაშველო სამსახური ძალიან მალე მოვიდა და ორგანიზებულად მოხდა სკოლიდან მოსწავლეებისა და მთლიანად სკოლის პერსონალის ევაკუაცია. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა. არ ყოფილა არანაირი პანიკა, ჩვენი მიზანი იყო ბავშვების სკოლიდან უსაფრთხოდ გაყვანა და ეს მოვახერხეთ.''  

- ბატონო ჯეირან, სასწავლო პროცესი განახლდა?

- სასწავლო პროცესი განახლებულია და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

- როგორც ვიცით, წყლის ნიაღვარი სკოლის შენობაში არ შევარდნილა. 

- კიდევ რომ გაგრძელბულიყო წვიმა, ნიაღვარი შენობაშიც შემოვარდებოდა. საბედნიეროდ, ამას გადავურჩით. საშინელი ნიაღვარი იყო. 

- ზარალის ოდენობა თუ არის დაზუსტებული?

- რაც შეეხება ზარალს, საქვაბე იყო წლით სავსე და სკოლის ცენტრალური გათბობის ქვაბი გაფუჭდა. სპეციალისტი მოვიწვიეთ და ვამოწმებინებთ. სკოლაში ჯერჯერობით არ არის გათბობა ჩართული. ისედაც არ იყო ჯერ გათბობის ჩართვის საჭირობა. სანამ სიცივეები დაიწყება, გათბობის პრობლემასაც მოვაგვარებთ. 

- ამჟამად რა მდგომარეობაა სკოლის ეზოში? 

- სკოლის ეზო მოსაწესრიგებელია, დიდი რაოდენობით შლამია დაგროვილი, გზის საფარიც აყრილია. დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ. დაგვიპრდნენ დაგეხმარებითო და ველოდებით. 

იხილეთ ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203