დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება.
როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მეთოდოლოგიაზე უკვე შეჯერებულია.
ამასთან, მისივე თქმით, კვლევა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა 16%-ს, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება.
„შევთანხმდით მეთოდოლოგიაზე, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. შევთანხმდით რა პროცენტზე უნდა ავიღოთ მონაცემები, ვალიდური რომ იყოს კვლევა. ვფიქრობთ, რომ იმ კვირიდან დავიწყებთ, ორშაბათიდან ან სამშაბათიდან. ტესტირება ყველა სკოლაში ჩატარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ორ კვირაში ერთხელ დაახლოებით 16 % -ს გამოვიკვლევთ, ასე შევთანხმდით. თბილისსა და რეგიონებში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს მოვიცავთ. სკოლები მიემაგრებიან ლაბორატორიებს. მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით 26 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემები ხომ არ იმოქმედებს სწავლების პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გამყრელიძის თქმით, ტესტირება ტარდება იმისთვის, რომ ცნობილი იყოს მონაცემი, რა მასშტაბითაა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ვირუსის ცირკულაცია.