განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლები, ჰიგიენა-სანიტარიის კუთხით,სრულად არის მოწესრიგებული და განათლების სამინისტრო შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას აკვირდება.
„იმ წესების განხორციელების პროცესს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა, აკვირდება განათლების სამინისტრო. მიმდინარეობს აქტიური ვიზიტები სკოლებში, მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა. სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გარკვეული შემთხვევები არსებობს სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებშიც, თუმცა ამ პროცესს სისტემა მართავს. სკოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობს და იღებს რეკომენდაციებს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დგებუაძის თქმით, განათლების სამინისტროს პრიორიტეტია, რომ ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში.
„მოგეხსენებათ, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის გარდა, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში მიმდინარეობს - საქართველოს დიდ ქალაქებში I-VI კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ ეს მოსწავლეებიც დაბრუნდნენ სკოლაში - ეს იმ სიტუაციაზეა დამოკიდებული, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს მსჯელობა და როგორც კი მზაობა იქნება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მზად ვართ, თითოეული მოსწავლე დავაბრუნოთ სკოლაში.
ეს საკითხი განიხილება ყველა საკოორდინაციო საბჭოზე, რადგან პრიორიტეტი არის არამარტო განათლების სამინისტროსი, არამედ ნებისმიერი უწყების, მაგრამ აქ არის იმ რეკომენდაციების და რისკების განხილვა, რაც შეიძლება, რომ ამ პროცესებს მოჰყვეს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.