„რეკომენდაციებს ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც ზედმიწევნით იცავენ“ - წალენჯიხაში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
26-10-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ, სკოლის დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია: 

მოსწავლეებს ძალიან უნდოდათ „ეტალონში“ მონაწილეობის მიღება, რომ გაიგეს სხვა მუნიციპალიტეტებში უკვე ტარდებოდა ტესტირებები, ჩემთანაც მოვიდნენ მშობლები და ბავშვები და გვთხოვეს რომ „ეტალონში“ მონაწილეობა ჩვენც მიგვეღო. მთხოვეს ადრე ჩატარებულიყო ტესტირება. დავუკავშირდით პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს და ისიც დათანხმდა ჩვენს წინადადებას, ამიტომ მინდა „ეტალონს“ მადლობა ვუთხრა, რომ ასე ითვალისწინებს მოსწავლეებისა და მშობლების სურვილს. საერთო ჯამში, 72 მოსწავლე გვყავს, რომლებმაც მაღალი შედეგი დადეს და შესაძლებლობების მაქსიმუმი დააფიქსირეს. დიდი ენთუზიაზმით ველოდებით მეორე ეტაპსაც.

რაც შეეხება რეკომენდაციების დაცვას, ტესტირების პროცესმა ყველა რეგულაციის სრული დაცვით ჩაიარა. 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მშობელთა ჩართულობა არის ძალიან მაღალი. ამასთან მინდა გითხრათ, რომ izrune.ge-მ პრაქტიკულად წინსწრებად შეგვაჩვია დისტანციურ სწავლებას და ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, რომ ასეთი საგანმანათლებლო პროექტები ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

ჯგალის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კვარაცხელია:

„ეტალონის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მიმართ მოსწავლეებში ყოველთვის მაღალი ინტერესია. მოსწავლეებმა ტესტირების პირველ ტურშიც საკმაოდ მაღალი აქტივობა აჩვენეს და სიმართლე გითხრათ უკმაყოფილო არ ვართ მათი შედეგები. იმედი გვაქვს მეორე ტურშიც წარმატებას მივაღწევთ.

ჩვენი სკოლა ყოველთვის წარმატებული იყო წინა წლებშიც და იმედი გვაქვს წელს უკეთესი შედეგი გვექნება და სწორედ ჩვენი სკოლის ბავშვი გახდება „ეტალონი“ მოსწავლე.​​

ჯგალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ყურუა:  

შეძლებისდაგვარად ყველა მოსწავლე იყო ჩართული. წინა წლებთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენეს მოსწავლეებმა და სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ მაჩვენებელს, ამიტომ ძალიან გამიხარდა. ახლა მეორე ტურს ველოდებით.

ჯგალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლევან კვარაცხელია:

მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტესტირებაში. თავიდან რომ ვუთხარით „ეტალონი“ ტარდებოდა ძალიან გაუკვირდათ და გაუხარდათ. მონაწილეობა 20-მა მოსწავლემ მიიღო. მათი ნაწილი მიღებული შედეგითაც კმაყოფილია. ზოგი უფრო მეტს ელოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ უჩვენებიათ.


მიქავას N2 საჯარო სკოლის დირექტორი შინო მოსიძე:

ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი და შედეგებიც ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ჰქონდათ. ბავშვებს „ეტალონისადმი“ ინტერესი ყოველთვის აქვთ და ყოველ წელს ელიან ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებას.

მიქავას N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ჭანია:

მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი „ეტალონის“ პირველ ტურში. ჯამში მონაწილეობა 20-მა მოსწავლემ მიიღო. ორმა მათგანმა საკმაოდ მაღალი ქულა მიიღო, გვყავს 71 ქულიანი მოსწავლეები. ასე, რომ ახლა მეორე ტურს ველოდებით მოუთმენლად და იმედი გვაქვს, წარმატებას მივაღწევთ.

რა თქმა უნდა, რეკომენდაციები დაცული იყო. ორ საკლასო ოთახში გვყავდნენ მოსწავლეები განთავსებულნი. დისტანციის დაცვით და ზედამხედველობით. რეკომენდაციებს ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც ზედმიწევნით იცავენ, შესაბამისად ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ გვქონია.

ნაკიფუს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ კვარაცხელია:

პირველმა ტურმა კარგად ჩაირა. მოსწავლის შედეგიც საკმაოდ კარგი გვქონდა. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს. სულ 1 მოსწავლე გვყავს ისეთი, რომელსაც ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეეძლო და მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი შედეგი აჩვენა.

„ნაკიფუს“ N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანი ჯოლოხავა:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. წელს მხოლოდ ერთი მოსწავლე გვყავდა, რომელიც „ეტალონის“ ტესტირებაში მონაწილეობდა, თუმცა მოსწავლეთა ინტერესი ყოველთვის არის „ეტალონის“ მიმართ და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება.

იხილეთ ასევე:

წალენჯიხის მოსწავლეთა საყურადღებოდ

ტესტირების ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203