2020-2021 სასწავლო წლის დაწყების დღიდან ანუ 15 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით კერძოდან საჯარო სკოლაში 2395 მოსწავლე გადავიდა. აღნიშნული მონაცემები etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.
უწყების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გასულ სასწავლო წელის განმავლობაში, კერძო სკოლა 6180-მა მოსწავლემ დატოვა და საჯარო სკოლაში გადავიდა.
ამ მშრალი ციფრების მიღმა კი ბევრი მიზეზი შეიძლება განვიხილოთ, მაგალითად, პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები, ონლაინ სწავლებაზე გადასული სკოლები თუ ცალკეული კლასები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ კერძო ორგანიზაციიდან საჯარო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველთა მობილობის გაზრდის ვარაუდი, ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა. მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე სწავლების ფორმატმა ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა. მშობლების ნაწილს დამატებითი თანხის გადახდა კერძო სკოლაში, დისტანციურ სწავლებაზე აღარ სურს, ვინაიდან დაწესებულება მათ შესაბამის ბენეფიტებს ვეღარ სთავაზობს. თავის მხრივ, კერძო სკოლები აღნიშნავენ, რომ დისტანციური სწავლება დიდ გავლენას ახდენს მათ ფინანსურ მხარეზე და შიშობენ, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, საკმაოდ ბევრი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურება, მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ისინი არსებულ ხარჯებს ვერ გაწვდებიან.
იხილეთ ასევე: „მოგვიწევს დაფიქრება, როგორ გავაგრძელოთ არსებობა“ - კერძო სკოლების პედაგოგები, შესაძლოა, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ
კერძო სკოლები მასწავლებლებს ხელფასებს ვერ უხდიან - რა პრობლემები შეექმნათ სასწავლო დაწესებულებებს