პანდემიამ მოსწავლეთა და სტუდენტთა 99% დააზარალა - ექსპერტების პროგნოზით, მომავალი წელი კიდევ უფრო რთული იქნება
03-11-2020

პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ და აღნიშნა, რომ Covid-19-მა საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაამწვავა განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი.

მისი თქმით, განათლების მიღება საქართველოში 99%-მდე გაუარესდა.

„გაეროს კვლევები ცხადყოფს, რომ პანდემიის პირობებში თუ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მოსწავლეთა და სტუდენტთა 94% დაზარალდა განათლების მიღების კუთხის ჭრილში, დაბალი შემოსავლის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 99%-მდეა და საქართველო, ცხადია ამ ქვეყნების რიგშია.

საქართველოზე საუბრისას ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და სახალხო დამცველის ანგარიშშიც ვწერდით, განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობაზე, თანამედროვე ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენებაზე ზოგადი განათლების საფეხურზე, რაც წლების განმავლობაში იყო სისტემური ხასიათის გამოწვევა და პრობლემა. პანდემიამ კი ცხადია, ეს პრობლემა უფრო მეტად გაამძაფრა. ეს ყველაფერი უფრო მეტად აისახა სხვადასხვა საჭიროებისა და მოწყვლადობის ჯგუფებზე, რომლებიც პანდემიამდეც აწყდებოდნენ დაბრკოლებებს“, - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

მისივე თქმით, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთებისგან საერთაშორისო ექსპერტებიც თავს იკავებენ და მიიჩნევენ, რომ შესაძლოა განათლება მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საჭიროებათა სიიდან ამოვარდეს.

„ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემდეგი წელი გაცილებით რთული იქნება განათლების სისტემისთვის, რადგან პანდემიამ ერთი მხრივ ეკონომიკური ზიანი მიაყენა ქვეყნებს, რაც განათლების დაფინანსებაზეც აისახა. ხალხის გაღარიბებასთან ერთად გაიზარდება მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ სწავლის მიტოვების მაჩვენებელი. გაეროს ექსპერტები იმასაც შიშობენ, რომ განათლება შეიძლება აღარ იყოს პრიორიტეტულ საჭიროებებს შორის. ანუ ქვეყნის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა არსებით გავლენას ახდენს განათლებაზე. ხოლო საქართველოს შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის როგორც ამ მიმართულებით არამდგრადი ქვეყნისთვის ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა და შემდეგ წელს უფრო მეტი ზიანი იქნება ამ მიმართულებით, მათ შორის სკოლის და სწავლის მიტოვების მაჩვენებელთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია ზრდა“, - აღნიშნა სახალხო დამცველის მოადგილემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203