10 დიდი ქალაქის სკოლებში 25 ნოემბრამდე დისტანციურად ისწავლიან
03-11-2020
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 10 დიდ ქალაქში ასევე აჭარაში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
დისტანციურად ისწავლიან აჭარაში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.
„1500-მდე უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმში. ამ სკოლებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი.
იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება მივიღეთ გადაწვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში.
ხოლო უმაღლესი დაწესებულებები და პროფსასწავლებლები ასევე აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღემდე ფუნქციონირებდნენ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
როგორც დამატებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ აღნიშნა, დისტანციურ სწავლებაზე აღნიშნულ ქალაქებში სწავლება 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე გადავა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ონლაინ სწავლებაზე პირველიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ისწავლიან. გადაწყვეტილება კი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს ეხება.