საბავშვო ბაღები იხურება - აღსაზრდელებისთვის საკვების დარიგება გაგრძელდება
04-11-2020
ხვალიდან ყველა საბავშვო ბაღი დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გამოსწორდება - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების დარიგება კვლავ გაგრძელდება.
„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გუშინ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა ვუფრთხილდებით, ჩვენი შვილების და მომავალი თაობების ჯანმრთელობას.
საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით ხვალიდან ყველა საბავშვო ბაღში შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი. ასევე მინდა ილია ბეროშვილს (მოადგილე) დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით. მშობლებს ჰქონდათ საშუალება სახლში წაეღოთ პროდუქტი და მოემზადებინათ საჭმელი ბავშვებისთვის. პროდუქტების უზრუნველყოფა, რომ გავაკეთოთ, ისევე როგორც ეს წინა თვეებში გვქონდა. ეს შეზღუდვები გაგრძელდება მანამ, სანამ საბჭოს მიერ არ იქნება სხვა გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.