ასპინძის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ასპინძის საჯარო სკოლაში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
ღონისძიების შეფასება და საკუთარი ემოციების გაზიარება რესურსცენტრის ხელმძღვანელს, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ დირექტორებს ვთხოვეთ:
ასპინძის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი ღონისძიებით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად პროექტში მუნიციპალიტეტის შესაბამისი კლასების მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართული იყო:
პანდემიის მიუხედავად ყველა პირობა იყო დაცული იმისთვის რომ „ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიება უსაფრთხო გარემოში ჩატარებულიყო და აქტივობაც მაღალი იყო.
ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა რომ მშობლებსა და მასწავლებლებს ღონისძიებაზე დასწრების დიდი სურვილი ჰქონდათ წელს, სიტუაციიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე თავი შევიკავეთ ხალხმრავლობისგან. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს უკეთესი პირობები გვექნება და არც პანდემია შეგვიშლის ხელს. ასე რომ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს და „ეტალონს“ ასეთი კარგი ღონისძიებისთვის და იმ სიხარულისთვის, რომელსაც ჩვენს ბავშვებს ანიჭებენ.
ასპინძის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მასპინძელი სკოლის მოსწავლე ფიქრია ბლიაძე გახდა:
მართლა არ მოველოდი ამ გამარჯვებას და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. ვფიქრობ, რომ ჩემი შრომა ნამდვილად დაფასდა და ეს ძალიან სასიხარულოა.
მიუხედავად იმისა, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა აქამდეც მიმიღია, ასეთი წარმატებული შედეგი არ მქონია. კი ათეულში გავსულვარ, მაგრამ პირველი ადგილზე გასვლა ნამდვილად განსაკუთრებული შეგრძნებაა. ძალიან ემოციური აღმოჩნდა გამარჯვება და ამაყი ვარ რომ ამიერიდან „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ვატარებ.
საკუთარი მოსწავლის წარმატების სჯეროდა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორს კლარა ზედგინიძეს. მისი თქმით ფიქრია ნამდვილად გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოსწავლეა:
ძალიან გახარებულები ვართ ყველანი. მიხარია ჩემი მოსწავლის წარმატება. ფიქრია ყველა საგანს ძალიან კარგად სწავლობს და მის წარმატებას ველოდით კიდევ. ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის 5 მოსწავლე მოხვდა ათეულში.
მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“ რომ კორონავირუსის პირობებშიც კი საკუთარ საქმეს დიდი მონდომებით და შემართებით აკეთებენ. ნამდვილად საშვილიშვილო საქმეა და მადლობა მათ ამისთვის.
მეორე ადგილი ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლემ რატი აბულაძემ დაიკავა, რომელიც მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია:
„ეტალონში“ მონაწილეობა რამდენჯერმე მაქვს მიღებული, თუმცა ასეთი კარგი შედეგი არასდროს მქონია. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვარ. სიმართლე გითხრათ ვფიქრობდი რომ ათეულში მოვხვდებოდი, მაგრამ მეორე ადგილს ნამდვილად არ ველოდი. ჩემთვის ეს დიდი წარმატებაა.
ივერიის საჯარო სკოლის დირექტორის თენგიზ შავაძის შეფასებით პროექტი მოსწავლეებს სწავლის მეტ მოტივაციას და ინტერესს უჩენს. მართალია უფრო მეტს ელოდა თავისი მოსწავლეებისგან მაგრამ მიღებული შედეგით მაინც კმაყოფილია:
მეტს ველოდებოდი მაგრამ მაინც კარგია და კმაყოფილი ვარ. ჩვენი სკოლიდან მეორე ტურში 6 მოსწავლე მონაწილეობდა. ერთმა მეორე ადგილი აიღო მეორემ - მეექვსე.
მინდა გითხრათ, რომ „ეტალონის“ მოტივაციით მოსწავლეებს მეტი ინტერესი უჩნდებათ სწავლისადმი. თან უხარიათ მონაწილეობა და წარმატება თან გული სწყდებათ თუ საპრიზო ადგილზე ვერ გადიან და სურვილი უჩნდებათ შემდგომში უკეთეს შედეგს მიაღწიონ. მეტი ინტერესი ჩნდება და სწავლის ხარისხზე ეს დადებითად ნამდვილად მოქმედებს. შესარჩევ ტესტირებაშიც ჩვენი სკოლიდან თითქმის ყველა მოსწავლე ღებულობს ხოლმე მონაწილეობას.
ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ქუქჩიშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა:
სიმართლე გითხრათ, ველოდი რომ სამეულში ვიქნებოდი, უკეთესი შედეგი მსურდა თუმცა მესამე ადგილს უნდა დავჯერდე. მეორე ეტაპისთვის ვემზადებოდი და ამიტომ ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ ჩემი თავით. თუმცა გეტყვით, რომ ყველაზე მეტად ზოგადი კითხვები მომეწონა. ყველა საკითხს მოიცავს და საკმაოდ მრავალფეროვანიცაა. ვეცდები შემდგომში შედეგი გავაუმჯობესო და გამარჯვებასაც მივაღწიო.
ხიზაბავრის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი ადეიშვილი კი მოსწავლეებს მეტი სწავლისკენ მოუწოდებს:
მესამე კი არა პირველ ადგილს ველოდი, თუმცა რა ვქნათ „წაგვართვეს“. რას ვიზამთ მომავალ წელს იმედი მაქვს გავაუმჯობესებთ. „ეტალონში“ წლებია ჩართული ვართ და გვიყვარს და ვაფასებთ. ათეულში ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე მოხვდა და კმაყოფილი ვარ, თუმცა მინდა რომ მეტი იმუშაონ ჩემმა მოსწავლეებმა და ყოველთვის პირველ ადგილზე იყნენ.
დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები
იხილეთ ასევე: გთავაზობთ ასპინძის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
„ეტალონი“ ასპინძას ეწვევა - იხილეთ მონაწილეთა სია
„ყველა მოწოდებული წესი და რეგულაცია დაცული გვქონდა“ - ასპინძის მუნიციპალიტეტში ტესტირების I ტური ჩატარდა
ასპინძის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი