ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
ღონისძიების შეფასება და საკუთარი ემოციების გაზიარება რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მერის მოადგილეს, მასპინძელ სკოლას, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ დირექტორებს ვთხოვეთ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე:
არსებული ვითარების მიუხედავად ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან მაღალი. მოსწავლეებს თავიდანვე მივეცით არჩევანის საშუალება უნდოდათ თუ არა ღონისძიებაში ჩართვა და მათმა უმეტესობამ ამის სურვილი გამოთქვა, რაც იმაზე მიუთითებს თუ რამდენად პოპულარულია ჩვენთან „ეტალონი“.
მეორე ტურში 75 მოსწავლეს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კორონავირუსის დაფიქსირების გამო, თავის დაზღვევის მიზნით ამ სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღეს, ამიტომ საბოლოოდ მეორე ტურში სულ 63-მა მოსწავლემ მიიღო.
„ეტალონის“ ღონისძიების მსვლელობა შეაფასა ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც მოსწავლეთა განათლებაზე და მოტივაციაზე ზრუნავს:
ძალიან წარმატებულად ჩაიარა „ეტალონის“ ღონისძიებამ. მიუხედავად პანდემიისა, პროცესი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით წარიმართა.
ყველა მონაწილე ძალიან აქტიური იყო. ღონისძიებაში თითქმის ყველა სკოლა იყო ჩართული და ნამდვილად ღირსეული გამარჯვებული გამოვლინდა საბოლოოდ. იმედი მაქვს, რომ ფინალშიც გვასახელებს ჩვენი წარმომადგენელი.
დავამატებ, რომ „ეტალონი“ ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც არაფორმალური განათლების კუთხით ახალგაზრდების განვითარებაზე და მოტივირებაზეა ორიენტირებული.
ჩოხატაურის „ეტალონის“ ღონისძიებას შუა ამაღლების საჯარო სკოლა მასპინძლობდა. როგორც სკოლის დირექტორი სამსონ ჯიბუტი გვეუბნება, ღონისძიებამ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა:
ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა. დაცული იყო ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის პირობებში დააწესა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრომ. ჩოხატაურში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, „ეტალონის“ მიმართ მოსწავლეთა ინტერესი ძალიან მაღალია.
ასევე მინდა გითხრათ, რომ „ეტალონმა“ მოახერხა ის რომ დღეს, ხვალ და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები უფრო სერიოზულად მიუდგნენ განათლების მიღების საკითხს, მეტი მონდომებით ისწავლონ. რაც თავისთავად ჩვენი მიზანიცაა, რომ აიმაღლონ მოტივაცია და შეიქმნან სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. ამისთვის მინდა „ეტალონს“ და მთელ მის შემოქმედებით ჯგუფს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
ჩოხატაურის „ეტალონი მოსწავლის“ წოდება ნაბეღლავის საჯარო სკოლის მოსწავლემ მირანდა ჯინჭარაძემ დაიმსახურა.
ნაბეღლავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ცინცაძე მოსწავლეთა წარმატებით ორმაგად ბედნიერია. რადაგან მეორე ადგილზეც სწორედ მისი სკოლის მოსწავლე გავიდა. როგორც თავად გვეუბნება ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეებისგან წარმატების მოლოდინი ნამდვილად ჰქონდა:
რა თქმა უნდა, წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან კარგი მოსწავლეები არიან ორივენი. ერთი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა, მეორე მერვე კლასის. ორივე მოსწავლე ძალიან ნიჭიერი, ბეჯითი გოგოები არიან და შესაბამისად დაუფასდათ კიდეც შრომა. ძალიან ბედნიერი ვიყავი შედეგები რომ გამოაცხადეს და ცრემლებიც ვერ შევიკავე.
გეტყვით იმასაც, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ პროექტით. მოსწავლეების დაინტერესება საკმაოდ დიდია და ვფიქრობ, მოსწავლეთა მოტივაციაზე და საბოლოოდ შედეგზეც ძალიან კარგად აისახება „ეტალონის“ საშუალებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
მეორე ადგილზე გასული ნაბეღლავის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ჩანტლაძე გვეუბნება, რომ წარმატება მოულოდნელი არ იყო და ამის იმედი ჰქონდა:
სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი რომ კარგი შედეგი უნდა მქონოდა. მართალია, პირველად ვიღებდი პროექტში მონაწილეობას და გამოცდილება არ მქონია, მაგრამ პირველ ტურში საკმაოდ მაღალი ქულა ავიღე, ამიტომ ვიცოდი მეორე ეტაპშიც კარგი შედეგს მივაღწევდი. ძალიან გამიხარდა მეორე ადგილზე გასვლა და იმედი მაქვს, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავამუჯობესებ ამ შედეგს.
მესამე ადგილი ხევის საჯარო სკოლის მოსწავლემ თორნიკე ანთიძემ დაიკავა:
„ეტალონის“ პროექტში წელს პირველად ვიღებდი მონაწილობას, შესაბამისად ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა ჩემო ასპარეზობა. ძალიან გამიხარდა, როცა მესამე ადგილოსნად დამასახელეს. ძალიან ბევრი ემოცია მქონდა ერთდროულად.
მოსწავლის წარმატებით ამაყია ხევის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ შელეგია:
მეორე ტურში ჩემი ორი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ორივე მერვე კლასის მოსწავლეა და ორივე ძალიან წარმატებული, ბეჯითი და ჭკვიანი ბავშვია. ათეულშიც რომ მოხვედრილიყო ორივე, ისიც ძალიან გამიხარდებოდა. ნამდვილად სასიხარულოა როცა მერვეკლასელი სამეულში გადის, რადგან როგორც იცით პროექტში უფროსი ასაკის მოსწავლეებიც მონაწილეობენ და ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა თორნიკეს წარმატება.
დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები
იხილეთ ასევე:გთავაზობთ ჩოხატაურის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
„ეტალონი“ ჩოხატაურში გაიმართება - იხილეთ მონაწილეთა სია
„მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან „ეტალონში“ და ყოველ წელს ელიან ჩემპიონატს“ - ჩოხატაურში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება ჩაატარა
ჩოხატაურის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი