საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სასწავლო პროცესი არ უნდა გაჩერდეს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, არ შეიძლება კორონავირუსის თაობა გაუნათლებელი იყოს.
„ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველამ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიური აქტივობა, არ გავაჩეროთ სწავლა. დისტანციურზე აქტიურად იყოს გადასული და არის, მაგრამ ამავე დროს იცით რომ უკვე დამკვიდრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თეზა, რომ ყველაზე გვიან იკეტება სასწავლებლები და ყველაზე ადრე იხსნება სასწავლებლები, რადგან არ შეიძლება კორონავირუსის თაობა იყოს გაუნათლებელი. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთის მხრივ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და მეორეს მხრივ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, ანუ ვმართოთ პანდემია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.