საჩხერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება გაიმართა და მუნიციპალიტეტის 2020 წლის „ეტალონი მოსწავლის“ ვინაობაც უკვე ცნობილია.
ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
ღონისძიების შეფასება და საკუთარი ემოციების გაზიარება რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მასპინძელ სკოლას, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ დირექტორებს ვთხოვეთ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი ანიშნავს, რომ „ეტალონმა“ საქართველოს არაერთი წარმატებული მოსწავლე გააცნო:
ძალიან დადებითად ვართ „ეტალონის“ მიმართ განწყობილი. პროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებმა თავიანთი ცოდნა გამოამჟღავნონ. ხელს უწყობს თანატოლებთან ურთიერთობას და იმის დანახვას, თუ რომელ საგანში არიან ისინი ძლიერები და რომელში სჭირდებათ უფრო მეტი მუშაობა. საქართველომ „ეტალონის“ დახმარებით ძალიან ბევრი კარგი მოსწავლე გაიცნო და ეს ყველაფერი ნამდვილად დასაფასებელია.
რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, გეტყვით, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. იყო ძალიან დადებითი, ემოციური და ხალისიანი. ამ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, ასეთი შეხვედრა ნამდვილად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
მინდა წარმატება ვუსურვო „ეტალონს“, მის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს იმისთვის, რომ ამდენი წელია პროექტს შეუჩერებლივ ატარებს და მადლობა, მას ასეთი სასიამოვნო დღისთვის.
ღონისძიებას საჩხერის N1 საჯარო სკოლა მასპინძლობდა და მისი დირექტორის ირმა კაპანაძისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი კარჩაკეტილობის პერიოდშიც კი „ეტალონი“ არ წყვეტს აქტივობას და მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციაზე:
ღონისძიებამ რეგულაციების სრული დაცვით წარმატებით ჩაიარა. რა თქმა უნდა, ცოტა ვფრთხილობდით ამდენი მოსწავლის აქტიური ჩართულობის ფონზე, თუმცა ყველაფერმა მაღალორგანიზებულად ჩაიარა. მშვენიერი ღონისძიება გამოვიდა და შესანიშნავი ზეიმი აჩუქა „ეტალონმა“ მოსწავლეებს.
საჩხერის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული სავანის საჯარო სკოლის მოსწავლემ იოანე ალავიძემ მოიპოვა, რომელიც უკვე ფინალისთვის ემზადება:
ძალიან გამიხარდა „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვება. სიმართლე გითხრათ არ ველოდი, რადგან ადრეც ვიყავი გასული, თუმცა ასეთი შედეგისთვის არ მიმიღწევია, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ფინალშიც მაქვს შანსები, ყოველ შემთხვევაში ვეცდები მაქსიმალური გავაკეთო, რომ ღირსეულად წარმოვჩნდე მე, ჩემი ოჯახი, სკოლა და მთელი მუნიციპალიტეტი.
სავანის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო კომლაძესთვის მისი სკოლის მოსწავლის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა:
ძალიან გამიხარდა ჩვენი მოსწავლის გამარჯვება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ველოდებოდი იოანეს წარმატებას, რადგან ძალიან კარგი მოსწავლეა.
„ეტალონი“ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ სტიმულს აძლევს მოსწავლეებს შემდგომი განვითარებისთვის. ზოგადად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცისთვის „ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია.
საირხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ირინა კირკიტაძემ მეორე ადგილი დაიკავა. როგორც თავად გვიმხელს, პროექტში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შესძინა:
პირველად ვმონაწილეობდი „ეტალონში“ და ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ მეორე ადგილი დავიკავე. სამ საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი და ეს ძალიან სასიხარულო იყო. ნამდვილად არ ველოდებოდი ამ შედეგს, რადგან მეგონა, ვერ მოვახერხებდი და როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შედეგით კიდევ უფრო მეტად ავიმაღლე სტატუსიც. პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და მინდა სანამ საშუალება მექნება „ეტალონში“ მანამდე გავაგრძელო მონაწილეობის მიღება.
მოსწავლის წარმატების მოლოდინი გქონდა საირხის საჯარო სკოლის დირექტორ ეკა ენუქიძეს. როგორც ის ახასიათებს, ირინა არა მხოლოდ კარგი მოსწავლე, კარგი ადამიანიც არის:
ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. ძალიან მიხარია, რომ პანდემიის პირობებშიც არ შეჩერდა ღონისძიება. ძალიან დიდი სიამოვნება და სიხარული მოგვანიჭა ამ პროექტმა. როგორც მოგეხსენებათ მეორე ტურში ჩვენი ორი მოსწავლე გადავიდა.
მინდა აღვნიშნო, რომ შეკითხვები ძალიან სწორად და მიზნობრივად იყო შერჩეული მოსწავლეებისთვის. თუმცა, არ მგონია მოსწავლეებისთვის დიდი სირთულის კითხვები იყოს, რადგან ძალიან კარგად ეუფლებიან ზოგად განათლებას.
რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეს, ირინა მეცხრე კლასში სწავლობს და ნამდვილად გამორჩეული მოსწავლეა. არა მხოლოდ წარჩინებული მოსწავლე, არამედ კარგი ადამიანიც არის. ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული გოგოა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ პირველ ადგილსაც ველოდით. თუმცა მომავალში ვეცდებით ეს შედეგები გავაუმჯობესოთ.
მესამე ადგილის მფლობელი საჩხერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდარ ჩაჩანიძე გახდა:
ძალიან გამიხარდა როცა ჩემი სახელი გამოაცხადეს და ვაპირებ მომავალ წელს კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა და უკეთესი შედეგი ვაჩვენო.
„ეტალონმა“ მოსწავლეები სტრესული გარემოდან გამოიყვანა - გაგვიმხილა საჩხერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი და საკუთარ მოსწავლეს დადებითად დაახასიათა:
ძალიან გახარებულები ვართ, ნოდარის შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. იგი ძალიან კარგი მოსწავლე და გამორჩეული, წარმატებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდაა. საკმაოდ განათლებულია ყველა მიმართულებით. „ეტალონში“ ასეთი მოსწავლეები ფრთებს შლიან, მოსწავლეები, რომლებიც ყველა საგანს კარგად სწავლობენ.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი პროექტი გაქვთ. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ადგილობრივად ნაკლები საშუალება გვაქვს აქტივობების და ღონისძიებების მოწყობის, „ეტალონმა“ კი მოსწავლეები სტრესული გარემოდან გამოიყვანა. პირველ ტურშიც ძალიან ბევრი მოსწავლე იღებდა ჩვენს სკოლაში მონაწილეობას, მეორე ტურშიც 7 მოსწავლე გადავიდა. საუკეთესო ქულები ჰქონდა ასევე ჩვენს კიდევ ერთ მოსწავლეს, ნინო მაჭარაშვილს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ, რადგან პროექტი მონაწილეებსაც და სხვა მოსწავლეებსაც დამატებით მოტივაციას აძლევს.
დაათვალიერეთ ღონისძიების ფოტოები
იხილეთ ასევე:
გთავაზობთ საჩხერის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს
საჩხერეში „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან
„ეტალონი“ საჩხერეში ჩატარდება - იხილეთ მონაწილეთა სია
„ტესტირების პროცესში სრულად იყო დაცული რეკომენდაციები“ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
საჩხერის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი