ჭიათურისა და გარდაბნის საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე რესურსცენტრების მოთხოვნით გადავიდნენ. აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიაწოდა.
როგორც უწყებაში განმარტეს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლაზე მოთხოვნის მიზეზი, მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდვითარებაა.
„ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე, ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჭიათურისა და გარდაბნის, რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თხოვნით მომართეს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების თაობაზე.
სამინისტროს მხრიდან მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში შემდეგი გრაფიკით გაგრძელდება: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლებში - 6-დან 20 ნოემბრის ჩათვლით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებში 10-დან 25 ნოემბრის ჩათვლით", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 43, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.
იხილეთ ასევე: დისტანციურ სწავლებაზე ყველა სკოლა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში გადავიდა - რას უკავშირდება გადაწყვეტილება?