საქართველოს მასწავლებლების 91.9% აცხადებს, რომ მზად არის აითვისოს და მიიღოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეები. TALIS-ის კვლევის მიხედვით, პედაგოგთა თვითშეფასების მაჩვენებელიც გაზრდილია.
„TALIS-ის კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა სიახლეების მიმართ მიმღებლობის კუთხით. კერძოდ საქართველოს მასწავლებლების 91.9% აცხადებს, რომ ის მზად არის აითვისოს და მიიღოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეები. შედარებისათვის შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, ბელგიასა და პორტუგალიაში (59% - 61%) მასწავლებელთა გაცილებით მცირე რაოდენობაა სიახლეებისადმი გახსნილი“, - წერია კვლევაში.
ამასთან, TALIS-ის კვლევის მასწავლებლის თვითშეფასების მაჩვენებელი ინგლისს უტოლდება, მაშინ როცა საფრანგეთში მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებელი 23%-ითაა შემცირებული.
„საქართველო 2018 წლის კვლევაში მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებლით ინგლისს უტოლდება და მასთან ერთად TALIS -ში მონაწილე ქვეყნებს შორის მე-14 პოზიციაზეა. საქართველოში ისედაც მაღალი თვითშეფასების მაჩვენებელი (2013 წელი - 84.8%) გაზრდილია 90.2%-დე, რაც მასწავლებელთა თვითშეფასების ზრდის არც თუ დაბალი მაჩვენებელია. საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნების მხოლოდ 20%-ში ფიქსირდება მასწავლებელთა თვითშეფასების 3%-ზე მაღალი ზრდა, ხოლო იმ ქვეყნების წილი, რომელთა მასწავლებლების თვითშეფასება დაეცა 41%-ია. მაგალითად, საფრანგეთში მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებელი კვლევის წინა ციკლთან შედარებით 23%-ით შემცირდა და 2018 წელს საფრანგეთის მასწავლებლების მხოლოდ 71%-ს გააჩნია მაღალი თვითშეფასება.
საქართველოს მასწავლებლების თვითშეფასების მაჩვენებელი ჩამოუვარდება იტალიის, პორტუგალიის, დანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მასწავლებელთა მაჩვენებლებს, თუმცა სჭარბობს ისეთი წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მასწავლებლების მაჩვენებლებს, როგორებიცაა: ფინეთი, სინგაპური, იაპონია, კორეა და სხვა. ამასთან საქართველოს მასწავლებლებს უკეთესი თვითშეფასება აქვთ ვიდრე ესტონეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, ხორვატიისა და სხვა ქვეყნების მასწავლებლებთან შედარებით“, - აღნიშნულია TALIS-ის ანგარიშში.