არ არსებობს მონაცემები, სასკოლო ასაკის რამდენი ბავშვი არ დადის ან არასოდეს უვლია სკოლაში - 2019-2020 წელს სწავლა 8 266 მოსწავლემ მიატოვა
18-11-2020

2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 8 266 მოსწავლემ შეწყვიტა. თუმცა ინფორმაცია სასკოლო ასაკის იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც არ არიან/არ ყოფილან ჩართული ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას არ აქვს.

უწყების მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ გასული სასწავლო წლის განმავლობაში სწავლის შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 10 კლასში ფიქსირდება.

მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს სწავლა (ამორიცხვა, დონის დაძლევით ამორიცხვა, გარიცხვა, სტატუსის შეჩერება) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ასეთია: 

სწავლის მიტოვების გარდა, ჩვენ ასევე დავინტერესდით, სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობა, რომლებიც არ ყოფილან ჩართულნი ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას აღნიშნული ინფორმაცია არ გააჩნია.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, ამ ეტაპზე, არ გააჩნია სრული და ზუსტი ინფორმაცია სასკოლო ასაკის იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც არ არიან/არ ყოფილან ჩართული  ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში. აღნიშნული საკითხი  უკავშირდება ქვეყანაში სახეზე არსებული მოსახლეობისა და მისი მიგრაციის აღრიცხვის პრობლემებს..“ - აღნიშნულია უწყების მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სწავლის მიტოვების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო წინა წლებში. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამუშავებულ მონაცემებშია აღნიშნული, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა ჯამში 12049-მა მოსწავლემ მიატოვა, 2017-2018 წლებში კი 12298-მა მოსწავლემ.

საკითხთან დაკავშირებით ყოველწლიურად საუბრობს სახალხო დამცველიც. როგორც 2019 წლის ანგარიშში წერია, საკითხი დღემდე მწვავე და მოუგვარებელ პრობლემად რჩება: 

„წლების განმავლობაში მაღალია მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია მისი მიზეზების გამოვლენის, აღრიცხვისა და სკოლის მიტოვების თავიდან აცილების საკითხები. სახალხო დამცველს ამ პრობლემაზე არაერთხელ მიუთითებია თავის ანგარიშში, მათ შორის, ადრეული ქორწინების, ბავშვთა სიღარიბისა და შრომის კუთხით განათლების უფლების დარღვევის ტენდენციაზე, თუმცა, პრობლემა ჯერაც არ გადაჭრილა.

სკოლებს არ გააჩნიათ სკოლის მიტოვების სტატისტიკის აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი შესაბამისი საფუძვლების მითითებით. სამინისტროს მიერ მითითებული საფუძვლების ნაწილი ზოგადია, ერთი მეორეს ფარავს და რეალურ სურათს არ ასახავს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

იხილეთ ასევე: 14 ათასზე მეტი ბავშვი სკოლის მიღმა და სწავლის მიტოვების დაუსაბუთებელი მიზეზები - რა დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203